ავტოსპორტი

3:48 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ მომავალი სეზონისთვის ახალი ძრავი არჩია

როგორც ბრიტანული გამოცემა „რეის“ იტყობინება, „ფერარიმ“ ახლახანს გადაწყვიტა, თუ რომელი აგრეგატით იასპარეზებს მომავალ სეზონში. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ახალი ჰიბრიდული ძალური დანადგარი, ნამდვილი გარღვევა იქნება და მისი მეშვეობით, მარანელოელები მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდებიან.

როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან, ძრავების რეგლამენტი გაიყინება, რც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს მისი 2025 წლამდე გაუმჯობესების უფლება არ ექნებათ.

მარანელოში 2019 წლიდან ორ პროექტზე მუშაობენ. პირველი ახლანდელი ძალური დანადგარის მოდიფიკაციას ითვალისწინებს. ადრეული სტენდური ტესტების დროს, ამ ვარიანტს უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა და „ფერარიც“ თავიდან ამ ვარიანტისკენ იხრებოდა.

მაგრამ მეორე პროექტი დროთა განმავლობაში დაიხვეწა და უკეთესი პერსპექტივა გამოავლინა. ამ პროექტს, ავსტრიულ კომპანია AVL-ს ყოფილი წამყვანი ინჟინერი, ვოლფ ციმერმანი უძღვება. AVL იმითაა ცნობილი, რომ ფორმულა 1-ისთვის არაერთი ძრავის შემუშავებაში მონაწილეობდა.

მეორე პროექტის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება, ჩასაბერი ჰაერის შუალედური გამაგრილებლის გამოყენება და დანადგარის ელექტრული ნწილის ეფექტურობის გაზრდაა. თუმცა მთავარი სიახლეები, შიდაწვის ძრავის წვის კამერაშია. ახალი ტექნოლოგიის არსი, საწვავი ნარევის ზესწრაფ დაწვაშია. მისი მეშვეობით, წვის კამერაში აალება თანაბრად და სწრაფად ხდება, რაც საწვავის გაცილებით ეფექტურ წვას და შედეგად, მისგან მაქსიმალური ენერგიის გამოთავისუფლებას იწვევს. და ეს მაშინ, როცა წვის დროს წნევა მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს - 500 ბარს არ სცდება.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, მეორე პროექტის მიხედვით, „ფერარი“ კვლავ ინარჩუნებს ტურბო კომპრესორის ტრადიციულ შეთანწყობას, რაც ტურბინის და კომპრესორის ერთად განლაგებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძრავის კონსტრუქცია კომპაქტური გამოდის.

ცნობისათვის, „მერსედესის“ და „ჰონდას“ ძრავებზე, ტურბინა და კომპრესორი, ერთმანეთს დაშორებულია. მსგავს კონსტრუქციაზე გადასვლას, მომავალი სეზონიდან „რენოც“ აპირებს.

0.118417