ფეხბურთი

18:43 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ "ანორთოსისში" თამაში ორ ქართველ ფეხბურთელს შესთავაზა, გუნდში შესაძლოა ქინქლაძე დაბრუნდეს

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ და თემურ ქეცბაიამ ახალი სეზონისთვის მომზადება უკვე დაიწყეს. კვიპროსული მედიის ცნობით, ფამაგუსტელებმა ოთხ ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით მიმართეს და მათ შორის, ორი ქართველია.

გიორგი აბურჯანია და ვაკო გვილია თემურ ქეცბაიას ინტერესის სფეროშია. ქართველი სპეციალისტი ახლა მათ პასუხებს ელოდება და შემდეგ ამ პასუხის მიხედვით იმოქმედებს.

ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. მას მანამდე ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „მინსკში“, „ბატეში“, „ლუცერნში“ და „გურნიკში“ უთამაშია. გიორგი აბურჯანია ამჟამად ესპანური „კარტახენას“ წევრია, მაგრამ მას „ანორთოსისში“ ჯარგად იცნობენ, რადგან 2014-2016 წლებში სწორედ ფამაგუსტელთა ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, გიორგის რუსთავის „მეტალურგში“, „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ხიმნასტიკში“, „სევილია B“-ში, „ლუგოში“, „ტვენტესა“ და „ოვიედოში“ უთამაშია.

გარდა ამისა, კვიპროსული მედია „ანორთოსისში“ გიორგი ქინქლაძის დაბრუნებასაც ვარაუდობს. რადიო „აქტივის“ ცნობით, ქეცბაია საქართველოში ქინქლაძეს შეხვდა და სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზა. „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ არა მარტო შემადგენლობა განაახლოს, არამედ მენეჯმენტშიც იგეგმება ცვლილებები. გიორგი ქინქლაძე "ანორთოსისის" რიგებში 2005 წელს თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისში" ამჟამად ორი ქართველი ფეხბურთელია - გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი. ქეცბაიას გუნდმა გასულ სეზონში კვიპროსის თასი მოიგო და ევროთასებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

0.118566