სხვა

3:21 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

10 000 მეტრზე ორ დღეში მსოფლიოს ორი რეკორდი დამყარდა

ჰოლანდიის ენგელოში ასპარეზობისას, ეთიოპიელმა ლეტესენბეტ გიდეიმ 10 000 მეტრზე სირბილში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან დისტანცია 29 წუთსა და 01.03 წამში გაირბინა და 5.79 წამით გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც იმავე სარბენ ბილიკზე, ორი დღით ადრე, მისმა თანამემამულე სიფან ჰასანმა დაამყარა.

ენგელოში ეთიოპიის მძლეოსანთა ოლიმპიური გუნდის შესარჩევი ტურნირი მიმდინარეობს. ჰასანი ეთიოპიაშია დაბადებული და ჰოლანდიაში ცხოვრობს. ორი დღით ადრე, მან ასევე თანამემამულე ალმაზ აიანას მიერ, რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა (10.63 წამით). აიანა რიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2015 და 2017 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონი იყო (შესაბაისად, 5 000 და 10 000 მეტრზე).

აიანამდე მსოფლიო რეკორდი (რომელიც ბევრის მიერ ეჭვქვეშ იდგა) ჩინელ ვან ჯუნსიას ეკუთვნოდა - 1993 წელს მან 10 კილომეტრი 29 წუთსა და 31.78 წამში გაირბინა.

რაც შეეხება 23 წლის გიდეის, მასვე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი 5 000 მეტრზეც, რომელიც 7 ოქტომბერს დაამყარა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, შარშან კი 4.5 წამით გააუმჯობესა თანამემამულე ტირუნეშ დიბაბას მიერ 5 000 მეტრზე 12 წლით ადრე დამყარებული რეკორდი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 თვეში, მამაკაცთა და ქალთა შორის, 5 000 და 10 000 მეტრზე მსოფლიო რეკორდები გაუმჯობესდა. რეკორდებს ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული სარბენი ფეხსაცმელი განაპირობებს.

0.116931