ავტოსპორტი

2:40 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ საფრანგეთის ეტაპისთვის ახალ ძრავს ამზადებს

ფორმულა 1-ის ძალური დანადგარების იაპონელი მწარმოებელი „ჰონდა“, თავისი კლიენტი გუნდებისთვის, საფრანგეთის დიდ პრიზზე, ახალი V6 ძრავის მიწოდებას გეგმავს. როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტ“ წერს, იმ დროისთვის, ძრავის სასტენდო ტესტების პროგრამა დასრულებული იქნება.

ახალ აგრეგატების გამოყენება, პირველად ბაქოშიც იყო შესაძლებელი, მაგრამ „ჰონდამ“ არ იჩქარა, რადგან სურდა, რომ მის გამძლეობაში დარწმუნებულიყო. სავარაუდოდ, განახლებული ძრავი უფრო მძლავრი და გამძლე იქნება, რიტაც „რედ ბულს“ და მის ლიდერ მაქს ფერსტაპენს, ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

ხარჯების შემცირების მიზნით, ძრავების გასაუმჯობესებლად სამუშაოები ძლიერ შეზღუდულია. კონსტრუქციის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ამით მისი გამძლეობა და უსაფრთხოება უმჯობესდება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ძრავის სიმძლავრე მოიმატებს. მითუმეტეს, ხშირად ხდება, რომ რესურსის გასაზრდელად, გუნდები რიგ შემთხვევებში, ძრავს სრული სიმძლავრით არ ამუშავებენ. და თუ აგრეგატი უფრო გამძლე იქნება, ეს მისი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

„ჰონდა“ თავისი ძალური დანადგარებით, „რედ ბულს“ და „ალფატაურის“ ამარაგებს. ამ სეზონის ბოლოს, იაპონური კომპანია ფ1-ს დატოვებს. მის ძრავებს კი „რედ ბული“ თავად დაამზადებს. ავსტრიულ კომპანიას, ამის საშუალებას ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი აძლევს, რომელიც მომავალი სეზონიდან ამოქმედდება.

0.116493