უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მე-3 საშეჯიბრო დღეს ტატამზე სამი ქართველი სპორტსმენი გავიდა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში საკუთარი ძალები ეთერ ლიპარტელიანმა მოსინჯა, რომელმაც თავიდან კარგი სტარტი აიღო, თუმცა, ბოლოს დასანანი მარცხი განიცადა. ეთომ პირველი შეხვედრა ჩეხ ვერა ზამენოვასთან ჩაატარა, მისი დამარცხების შემდეგ კი ჯერი ბელგიელ მინა ლიბერზე მიდგა, რომელსაც ლამაზი გდებით აჯობა. მესამე დაპირისპირებაში კი იაპონელ მომო ტამაოკთან ბოლო წამებზე იპონით თავად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
რაც შეეხება 73 კილოგრამ წონით კატეგორიას: ნუგზარ ტატალაშვილმა პირველი შეხვედრა ბელარუს ვადიმ შოკასთან მოიგო და მეორე წრეში გავიდა, იქ კი ბულგარელ მეტოქესთან მარცხი განიცადა და მედლისთვის ბრძოლას ვეღარ განაგრძობს. ამავე წონით კატეგორიაში კი კარგად ასპარეზობს ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც მიყოლებით 4 დაპირისპირება მოიგო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა პერუელ ალონსო ვონგს, ბრაზილიელ ედიარდო ბარბოსასა და ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზს სძლია, ხოლო მეოთხედფინალში უნგრელ უნგვარს ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში მე-7 დამატებითი წუთის მილევის შემდეგ აჯობა, როდესაც მეტოქეს მესამე შიდო მიაღებინა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
აქვე გეტყვით, რომ ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა ვაჟა მარგველაშვილმა, ტეტიანა ლევიცკა შუკვანმა და მარიამ ჯანაშვილმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.