სხვა

1:31 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრეივონ ბრომელმა 100 მეტრი სეზონის საუკეთესო დროში გაირბინა

ამერიკელმა სპრინტერმა ტრეივონ ბრომელმა ოლიმპიადის წინ, სერიოზული განაცხადი გააკეთა - ფლორიდის მირამარში გამართულ შეჯიბრზე, 100 მეტრი 9.77 წამში გაირბინა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო და ყველა დროის მეშვიდე საუკეთესო შედეგია.

ბრომელმა, ვინც დახურულ არენაზე, 60 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია (2016 წელს), ეს შედეგი მირამარის ტურნირის წინასწარ ეტაპზე დააფიქსირა, რა დროსაც სარბენ ბილიკზე, მასთან ერთად, მხოლოდ მორბენალი იდგა. ბრომელი სულ მეცხრე სპრინტერია, ვინც 100 მეტრი 9.80 წამზე ნაკლებში გაირბინა.

25 წლის ბრომელს წინა სეზონებში, თავის გამოჩენის საშუალებას ხშირი ტრავმები არ აძლევს. მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემები უკან დარჩა და სპრინტერი ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში ხვდება. აპრილში მან იმ დროისთვის სეზონის საუკეთესო დრო - 9.88 წამი დააფიქსირა.

იმ დროს, როდესაც ტოკიოში ვერ იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი კრისტიან კოულმენი, ბრომელი ოლიმპიური ოქროს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. ცნობისათვის, კოულმენი დოპინგის გამო იხდის დისკვალიფიკაციას.

ბრომელი სპრინტის სცენაზე 2015 წელს გამოჩნდა, როცა საკუთარი 20 წლის იუბილეს წინ, 100 მეტრი 9.84 წამში გაირბინა. ეს კი თინეიჯერი სპრინტერებისთვის რეკორდული დროა. იმავე წელს, პეკინის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2016 წელს დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, იმავე წელს, რიოს ოლიმპიადაზე კრახი განიცადა - მერვე ადგილი დაიკავა. მაშინ უსაინ ბოლტმა გაიმარჯვა. რიოშივე, 4x100 მეტრზე ესტაფეტის დროს, მან აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ტრავმული კოშმრული პერიოდი დაეწყო...

0.109289