ფეხბურთი

1:21 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "მჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან, მაგრამ დღეს ასე არ იყო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტს უკმაყოფილება არ დაუმალავს და აღნიშნა, რომ მან ფეხბურთელებისგან ბოლომდე დახარჯვა ვერ დაინახა, რაც მომავალში არ უნდა განმეორდეს.

როგორც სანიოლმა თქვა, რომ ამხანაგური მატჩები სიახლეების გამოსაცდელადაა და ესმის, რომ ივნისი რთული პერიოდია, რადგან სეზონის ბოლოა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი სანიოლის სიტყვებს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოსთან ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს. ნიდერლანდები კი 13 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში უკრაინას ამსტერდამში დაუხვდება.

0.132652