ჩოგბურთი

0:28 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედარერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა. მიზეზი ისაა, რომ შვეიცარიელი ჩოგბურთელი, თავს უიმბლდონისთვის ინახავს, სადაც დიდი სლემის 21-ე ტიტულისთვის ბრძოლას გეგმავს. მან ეს გადაწყვეტილება, მესამე წრეში მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ მიიღო.

„ჩემს გუნდთან მოლაპარაკების შემდეგ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნება, თუ საფრანგეთის ღია პირველობას დავტოვებ. მუხლზე ორი ოპერაციის და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს სხეულს მოვუსმინო და არ გადავტვირთო დაძაბული შეჯიბრებით“, - ამბობს 39 წლის ფედერერი.

შვეიცარიელს ბოლო 17 თვეში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეს მთავარი მიზეზია იმისა, რომ გერმანელ დომინიკ კიოპფერთან შაბათს გამართული ოთხსეტიანი შეხვედრა, მისთვის ფიზიკურად რთული იყო. სწორედ ამის გამო მიიღო მან ტურნირის დატოვების გადაწყვეტილება. ცნობისათვის, მეოთხე წრეში მისი მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინი უნდა ყოფილიყო.

ფედერერმა კიოპფერთან შეხვედრის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ შემდეგ წრეში თამაშთან დაკავშირებით, უნდა ეფიქრა. და არც ის დაუმალავს, რომ მისი მთავარი მიზანი, უიმბლდონისთვის კარგად მომზადებაა.

0.118862