ფეხბურთი

21:56 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდები სხვა დონეა: საქართველომ ენსხედეში წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ენსხედეში, „დე გროლშ ვესტეზე“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა ნიდერლანდების ნაკრებთან, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა. შეხვედრა ნიდერლანდელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ქართველმა ფეხბურთელებმაც შექმნეს, 3:0 დამსახურებულად მოიგეს. იმის თქმაც შეიძლება, რომ სანიოლის გუნდში საუკეთესო მეკარე გიორგი ლორია იყო.

პირველი მომენტი მეორე წუთზე შეიქმნა და საქართველოს ნაკრები გოლთან ახლოს იყო. მოედნის ცენტრში გიორგი აბურჯანიამ მასპინძელთა დაცვის ხაზი ერთი პასით მოჭრა და მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ საბა ლობჟანიძე დარჩა, რომელმაც დაარტყა კიდეც, მაგრამ მარტენ სტეკელენბურგმა დამაჯერებლად ითამაშა. საბა ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა.

მეცხრე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ლაშა დვალმა დენზელ დუმფრისთან დააგვიანა და იძულებული გახდა წაექცია. პენალტი გოლად მემფის დეპაიმ აქცია - 1:0. ამის შემდეგ უპირატესობას ფრენკ დე ბურის გუნდი დაუეფლა და სახიფათო მომენტები კიდევ შექმნეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია დეპაის მომენტი, როდესაც ორი მეტრიდან ურტყამდა, მაგრამ გიორგი ლორია ფანტასტიკურად გაისაჯა და გუნდი გადაარჩინა. ვილი სანიოლის გუნდსაც ჰქონდა კარგი მომენტი, კერძოდ 30-ე წუთზე, როდესაც აბურჯანია-კიტეიშვილის კარგ კომბინაციას ვაკო გვილია ასრულებდა, მაგრამ მას კარგი პოზიციიდან დარტყმა არ გამოუვიდა. 43-ე წუთზე უკვე ლორიას ჯერი დადგა და მან ფრენკი დე იონგის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი ცვლილებებით დაიწყო: დე ბურმა დელეი ბლინდი ნათან აკეთი შეცვალა, ხოლო სანიოლმა ლობჟანიძის ნაცვლად თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩართო. მეორე ტაიმის სტარტი უფრო მშვიდი გამოდგა, ვიდრე პირველი ტაიმი იყო და ტემპიც უფრო დაბალი იყო. თუმცა, 55-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა გაიზარდა. დე იონგი-დეპაის კომბინაცია ვაუთ ვეგჰორსტმა დააგვირგვინა და სხვაობა გაიზარდა. ორ წუთში დე ბურის გუნდმა ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ორჯერ არაზუსტად დაარტყეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

64-ე წუთზე დავითაშვილმა იაქტიურა და სახიფათოდაც დაარტყა, მიმართუბელა ბურთს გვილიამ შეუცვალა, რომელიც თამაშგარეში არ იყო, მაგრამ ხელსაყრელ ვითარებაში ვერ გაიტანა. 3 წუთში კი დეპაის შორეული დარტყმა ლორიამ დიდებული სეივით მოიგერია და საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გადაარჩინა. გიორგიმ დეპაის კიდევ ერთი რთული ბურთი 76-ე წუთზე აუღო, მაგრამ დამატებაზე რაიან გრავენბერხმა ცარიელ კარში გაიტანა - 3:0. საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმის შუაწელიდან განსაკუთრებით, აბსოლუტურად დემორალიზებული იყო და ნიდერლანდელები მოედანზე პრაქტიკულად იმას აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ. 85-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ყველაზე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, რაც უფრო ინდივიდუალიზმის შედეგი იყო, ვიდრე გუნდური თამაშის. ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოს მისადგომებთან ტექნიკურად ითამაშა და დიდებულადაც დაარტყა, ოღონდ ისაა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში არ გავიდა. ამრიგად, ნიდერლანდების ნაკრებთან 0:3 დამარცხდა და ვილი სანიოლის ქართული სტატისტიკა გაუარესდა - 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოსთან ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს. ნიდერლანდები კი 13 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში უკრაინას ამსტერდამში დაუხვდება.

ნიდერლანდები - საქართველო 3:0 (1:0)

ენსხედე, „დე გროლშ ვესტე“

ნიდერლანდები (5-3-2): სტეკელენბურგი; დუმფრისი, ტიმბერი (ბერგუისი 77), დე ვრეი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან აანჰოლტი 73); დე რუნი, ვეინალდუმი (კლაასენი 66), დე იონგი (გრავენბერხი 66); ვეგჰორსტი (მალენი 66) , დეპაი

მწვრთნელი: ფრენკ დე ბური

საქართველო (3-4-3): ლორია; კაშია, დვალი, ხოჭოლავა (ჯიღაური 66); კაკაბაძე, გვილია (კვეკვესკირი 77), აბურჯანია (დაუშვილი 77), გიორბელიძე; ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66), კიტეიშვილი (კუხანიძე 88)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბერხი (76)

გაფრთხილება: კაკაბაძე (45), კაშია (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ერიკ ლამბრეხსტი (ბელგია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.269672