სხვა

0:35 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი - მეორე უსწრაფესი ქალი მსოფლიოში

უსწრაფესი ლეგენდარული ამერიკელი, ფლორენს გრიფიტ ჯოინერია, ვისაც ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში სამი საუკეთესო დრო (10.49, 10.61 და 10.62) ეკუთვნის. მეორე უსწრაფესი კი - ორგზის ოლიმპიური და ცხრაგზის მსოფლიო (ღია არენებზე) ჩემპიონი, იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, ვინც დღეს, კინგსტონში (იამაიკა) გამართულ შეჯიბრზე, 100 მეტრი 10.63 წამში გაირბინა.

ოლიმპიურ სეზონში, როცა სპორტსმენები მზადებას ისე გეგმავენ, რომ ფორმის პიკს ოლიმპიადის დროს მიაღწიონ, ფრეიზერ-პრაისმა იამაიკის რეკორდი, რომლის თანამფლობელიც თავად იყო, 0.03 წამით გააუმჯობესა. ცნობისათვის, ძველ რეკორდს ორგზის ოლიმპიურ (100 და 200 მეტრზე) და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონ ელენ თომპსონ-ერასთან იყოფდა.

ფლო-ჯომ (გრიფიტ ჯოინერის მეტსახელი) სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა - 100 და 200 მეტრზე სპრინტში და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში. მსოფლიო რეკორდი კი იმავე სეზონში, აშშ-ის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირის მეოთხედფინალში დაამყარა. მისი დრო იყო 10.49 წამი, რომელიც ნულოვან ქარის პირობებში დაფიქსირდა. მაგრამ IAAF-ის ვარაუდით, ზურგქარის სიჩქარე 5-7 კმ/სთ უნდა ყოფილიყო. ეს რეკორდი რომც არ დაფიქსირებულიყო, ფლო-ჯო მაინც რეკორდსმენი იქნებოდა, რადგან იმავე ტურნირის ფინალში 10.61 დააფიქსირა.

ფრეიზერ-პრაისმა, ვინც ახლა 34 წლისაა, 100 მეტრზე სპრინტში თავისი ორი ოლიმპიური ოქრო პეკინსა (2008 წელს) და ლონდონში (2012 წელს) მოიპოვა. 2017 წელს შვილი შეეძინა. ბევრმა იფიქრა, რომ მორბენალი სპორტულ კარიერას დაასრულებდა, მაგრამ დაბრუნდა, რის შემდეგაც „მომი როკეტი“ (დედა რაკეტა) დაარქვეს. ფრეიზერ-პრაისმა 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ორი ოქრო აიღო - 100 მეტრზე (მეოთხე) და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში.

ტოკიოში გამარჯვების შემთხვევაში, გახდება ყველაზე ხნიერი ქალი მორბენალი, ვინც სპრინტში ინდივიდუალურ ტიტულს დაეუფლება. და პირველი ქალი მძლეოსანი, ვინც ერთ დისციპლინაში სამ ოლიმპიურ ოქროს მოიპოვებს.

0.13628