ჩოგბურთი

1:46 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი როლან გაროსის მეოთხე წრეში გავიდა

სერენა უილიამსი თავისი სანუკვარი მიზნისკენ, დიდი სლემის 24-ე ტიტულისკენ სვლას აგრძელებს. მესამე წრეში მან თანამემამულე დანიელე კოლინსი 6-4, 6-4 დაამარცხა.

ამ მოგების შემდეგ, მე-7 ნომრად განთესილი უილიამსი, ქალთა ბადის მეორე ნაწილში დარჩენილთა შორის, ყველაზე მაღალი განთესვის ნომრის მქონე ჩოგბურთელია. მეოთხე წრეში მისი მეტოქეა ყაზახი ელენა რიბაკინა, ვინც 21-ე ნომრად არის განთესილი.

პირველი სეტის დათმობის შემდეგ, კოლინსმა აგრესიას უმატა და მეორეში, თავიდან 4-1 დაწინაურდა. მაგრამ აქედან მოყოლებული, ტიტულოვანმა ამერიკელმა ერთი გეიმიც აღარ დაუთმო.

„თითქოს მეორე სეტი ჩემთვის არასახარბიელოდ წარიმართა. მას ეს გეიმები არ დაუთმია. მე ეს ყველაფერი ბრძოლით მოვიპოვე. მომდევნო წრის წინ, ჩემთვის მეტად პოზიტიური შეხვედრა იყო“, - განაცხადა უილიამსმა, ვისაც არანაკლებ დაძაბული ბრძოლა პირველ სეტშიც გადახდა.

პირველი სეტის მესამე გეიმში, როცა ანგარიში თანაბარი იყო, სერენა მეტოქის მოწოდებაზე 0-40 დაწინაურდა. მაგრამ კოლინსმა სასწაულებრივად შეძლო ამ გეიმის გადარჩენა. მეშვიდე გეიმში სერენამ შესანიშნავი ფიზიკური შესაძლებლობები და ტექნიკა გამოავლინა და ბრეიკს მიაღწია.

3-5-ზე კოლინსმა ისევ გაიბრძოლა და სეტ პოინტი გადაარჩინა. მეათე გეიმში კი, მეტოქისგან შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, როდესაც სერენამ ზედიზედ ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. მაგრამ უილიამსმა ორივე ქულა გაქვითა და სეტს წერტილი ეისით დაუსვა.

როლან გაროსის ქალთა ტურნირი კი ტოპ 3 ჩოგბურთელის გარეშე დარჩა. დღეს ტურნირს მე-3 ნომრად განთესილი ბელარუსი არინა საბალენკა გამოეთიშა, ვინც რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან 6-4, 2-6, 6-0 დამარცხდა. ბადის მეორე ნაწილში, სერენა ტოპ 14 განთესილ ჩოგბურთელტაგან ერთადრთი დარჩა.

შეგახსენებთ, როპ ტოპ სამეულიდან, ტურნირს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი (ტრავმა), იაპონელი ნაომი ოსაკა (დეპრესია) და ახლა უკვე საბალენკაც გამოეთიშა. ბადის პირველ ნაწილში, უმაღლესი განთესვის მქონე ჩოგბურთელი, ამერიკელი სოფია კენინია (მე-4).

0.150309