ჩოგბურთი

3:00 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი სვიატეკი თავს ყოვლისშემძლედ გრძნობს

როლან გაროსის მოქმედმა ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა ტურნირის მეორე წრეში 6-1, 6-1 მოუგო შვედ რებეკა პეტერსონს და განაცხადა, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ყველაფერი შეუძლია.

20 წლის ჩემპიონს, სულ 61 წუთი დასჭირდა მოსაგებად. ის პირველი პოლონელი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. პეტერსონთან შეხვედრისას, სვიატეკი ორივე სეტში 5-0 დაწიანურდა და ორივეჯერ მას მხოლოდ თითო გეიმი დაუთმო.

სვიატეკი ვერც იმან შეაჩერა, რომ შეხვედრისას აცივდა და წვიმაც კი წამოვიდა. მესამე წრეში მისი მეტოქე, 30-ე ნომრად განთესილი ესტონელი ანეტ კონტავეიტი იქნება, რომელმაც ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი 6-2, 6-0 გაანადგურა.

„გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, რომ კარგი დღე მექნებოდა. ვიცოდი, რომ კარგი განწყობით ვითამაშებდი. თამაშამდე რუტინა შევასრულე. კორტზე კი ბურთს შესანიშნავად ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი შემეძლო“, - განაცხადა სვიატეკმა.

დიდი სლემის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაში, ბევრი გამოცდილი ჩოგბურთელისთვის მძიმე ტვირთია. მაგრამ სვიატეკს ეს არ ეხება. ჯერჯერობით მაინც. ის თავს კომფორტულად გრძნობს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ტურნირს უკვე რამდენიმე ძლიერი ჩოგბურთელი გამოეთიშა.

„ავსტრალიის ღიაზე არ ვიცოდი, ჩემს ახალ რანგში თავი როგორ უნდა მეგრძნო. ვნერვიულობდი და სტრესში ვიყავი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ რაიმე მოლოდინით არ უნდა ვითამაშო, რადგან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოქმედი ჩემპიონის რანგში, ჩოგბურთელები ბევრ შეცდომას უშვებენ. ჩემ თავს ვუთხარი, მოდუნდი და ვნახოთ, რა მოხდება“, - ამბობს სვიატეკი, ვინც როლან გაროსზე მესამედ ასპარეზობს.

0.112758