მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა. პოლონელ მაგდა ლინეტესთან შეხვედრისას, ბარტის კვლავ მარცხენა თეძოს ტრავმა გაურთულდა და მან თამაში მეორე სეტში შეწყვიტა, როცა 6-1, 2-2 აგებდა.
„ეს გულსატკენია, რადგან თიხნარის სეზონს ძალიან კარგად ვატარებდი. მაგრამ არ გამიმართლა, რადგან უქმეებზე მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი და ტრავმის მოშუშება დროულად ვეღარ მოვასწარი“, - განაცხადა ბარტიმ, ვინც როლან გაროსამდე, თიხის კორტებზე 13 შეხვედრა ჩაატარა და მათგან 11 მოიგო.
როლან გაროსის 2019 წლის ჩემპიონს ამ სეზონში 27 მოგება და 5 წაგება აქვს და სამ ტურნირზე გაიმარჯვა. მაგრამ რომის ტურნირს მეოთხედფინალში, მარჯვენა მკლავის ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში. მართალია, ამ ტრავმის დროულად მოშუშება მოასწრო, მაგრამ პარიზამდე ახალი ტრავმა მიიღო.
ავსტრალიელს პირველივე წრის შეხვედრის დროს ეტყობოდა, რომ ახალი ტრავმის გამო, კორტზე სწრაფად გადაადგილებას ვერ ახერხებდა. უჭირდა ხანგრძლივი გათამაშებების დროს და ვერც კარგად აწოდებდა.
ლინეტესთან შეხვედრის პირველ სეტში, ბარტის სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შემდეგ მცირე დროით, კორტიც კი დატოვა. და როცა პოლონელმა მორიგი ქულა ეისით აიღო, ბარტიმ მსაჯს ანიშნა, რომ თამაშს წყვეტდა.