ფეხბურთი

22:04 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "აპოელში" ამ მიზეზით გადავედი"

გიორგი ქვილითაია კარიერას ნიქოზიის „აპოელში“ გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს მიმართა და განმარტა მიზეზი, რის გამოც „აპოელში“ გადავიდა.

„ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ და ვიცი, რომ „ანორთოსისის“ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გამიგებს. „ანორთოსისმა“ ვერ გამოისყიდა ჩემი უფლებები „გენტისგან“ და გუნდი ამიტომ დავტოვე. ჩემთვის, იქ მოგებული თასი ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს დამავიწყდება გულშემატკივრების ემოციები. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებს და პირადად თემურ ქეცბაიას. მე ვრჩები „ანორთოსისის“ გულშემატკივრად და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, - დაწერა ქვილითაიამ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ გასული სეზონი იჯარით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაატარა და 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „გენტში“ კი ის 2018-2020 წლებში თამაშობდა და 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე, გიორგი ვენის „რაპიდში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, უნგრულ „გიორში“ და „სასკო თბილისში“ ირჯებოდა. საქართველოს ნაკრებში მას 28 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

„აპოელი“ კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია: 28-ჯერ გახდა ჩემპიონი, 21-ჯერ თასი და 14-ჯერ სუპერთასი მოიგო, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. ნიქოზიელები ევროთასებზე წარმატებით თამაშობენ, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა (ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში), ხოლო 2011-2012 წლების სეზონში კი მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა.

0.113522