ფეხბურთი

16:27 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები "აპოელში": ქვილითაია და დაუშვილი კლუბის შეცვლასთან ახლოს არიან

ნიქოზიის „აპოელმა“ შესაძლოა ქართველი ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი დაიმატოს. კვიპროსული მედია ამის შესახებ აქტიურად წერს.

ქვილითიაიას შემთხვევაში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. როგორც ცნობილი გახდა, ნიქოზიელები და „გენტი“ ყველა პირობაზე შეთანხმდნენ და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ტრანსფერი გაოფიციალურდება.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა. ქვილითაიას შენარჩუნება „ანორთოსისსაც“ სურდა, სადაც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა და 37 თამაშში 16 გოლი გაიტანა, მაგრამ „აპოელმა“ „გენტს“ სასურველი პირობები შესთავაზა.

რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, მისი ტრანსფერის შესახებაც აქტიურად იწერება და დიდი შანსია, კლუბი მანაც შეიცვალოს. ქართველ ნახევარმცველს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ შეიძლება ის ვადაზე ადრე გაწყდეს და ნიქოზიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

მურთაზ დაუშვილი თემურ ქეცბაიასთვის შეუცვლელი მოთამაშეა, მაგრამ კვიპროსული მედია წერს, რომ თუ ფეხბურთელს წასვლის სურვილი ექნება, ქეცბაია მას ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, „აპოელი“ კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და 2011-2012 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა. თუმცა, გასული სეზონი ცუდად ჩაატარა და მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.

0.114399