ჩოგბურთი

2:26 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსმა მეორე წრე გაიარა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამმა, ვინც დდ სლემის 24-ე ტიტულისთვის იბრძვის, საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში, სამ სეტში, 6-3, 5-7, 6-1 მოუგო რუმინელ მიქაელა ბუზარნესკუს და მესამე წრეში გავიდა.

როლან გაროსის სამგზის ჩემპიონმა სერენამ, ვინც 2016 წლის შემდეგ, ამ ტურნირის მეოთხე წრეს არ გასცდენია, პირველი სეტი საკმაოდ იოლად მოიგო, თუმცა მეორეში ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ბუზარნესკუმ მეორე სეტის მეექვსე გეიმში მიაღწია ბრეიკს და 4-2 დაწინაურდა.

მეშვიდე ნომრად განთესილმა ამერიკელმა მომდევნო გეიმშივე ბრეიკით უპასუხა და მე-11 გეიმში ორი ბრეიკ პოინტიც მიიღო. მაგრამ ბუზარნესკუმ ჯერ ორივე მოიგერია, შემდეგ ეს გეიმი მოიგო და მომდევნოში თავად მიაღწია ბრეიკს, რიტაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

„მეორე სეტში, მოსაგებად რამდენიმე კარგი შანსი მქონდა. თითო ქულა იყო საჭირო მოსაგებად. ასე ოთხჯერ ან ხუთჯერ მოხდა. რომელიმე რომ გამომეყენებინა, მეორე სეტი სხვაგვარად დასრულდებოდა“, - ყვება 39 წლის უილიამსი, ვისაც ამჟამად დიდი სლემის 23 ტიტული აქვს მოპოვებული და თუ ერთსაც მოიგებს, ლეგენდარული ავსტრალიელის, მარგარეტ კორტის მიღწევას გაიმეორებს.

მესამე სეტის დასაწყისშივე, ამერიკელმა აგრესიას უმატა და ზედზედ ორი ბრეიკის წყალობით, 4-0 დაწინაურდა. ასეთი ანგარიში, არ ასახავს იმ ბრძოლას, რომელიც რუმინელმა ტიტულოვან მეტოქეს გაუმართა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში, უილიამსი საკუთარი გამოცდილების წყალობით ახერხებდა მნიშვნელოვანი ქულის აღებას.

ცნობისათვის, უილიამსმა 2017 წლის შემდეგ, დიდი სლემის ტურნირების ოთხ ფინალში ითამაშა, მაგრამ ვერცერთი მოიგო. ამ სეზონის დასაწყისში კი ავსტრალიის ღია პირველობას ნახევარფინალში გამოეთიშა.

0.261312