მადრიდის "რეალმა" კარლო ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა და იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ანჩელოტიმ კლუბის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ სერხიო რამოსის კონტრაქტს შესახებ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი არ ჰქონია.
"ზუსტად ის ვიცი, რომ მადრიდის "რეალი" ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს და კლუბს საუკეთესო გუნდი ეყოლება. რაც შეეხება სერხიოს, ახლახანს ჩამოვედი და ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებას გავმართავ. ჩემი დაბრუნება სწრაფად მოხდა, მოლაპარაკება მხოლოდ 29 მაისს დავიწყეთ. ამიტომაც არ მქონდა დრო შემადგენლობაზე მესაუბრა. დაბრუნებით მოხარული ვარ და ასევე სასიამოვნო იქნება იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომელთანაც აქ პირველად ყოფნის პერიოდში მიწევდა." - ციტირებს Marca ანჩელოტის სიტყვებს.
კარლო ანჩელოტის მისი მომავალი გუნდის სათამაშო სტილის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც იტალიელმა განაცხადა, რომ "რეალმა" აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
"იგივეს გპირდებით, როგორც ეს ადრე გავაკეთე. უნდა ვითამაშოთ კარგად, ინტენსიურად, აგრესიულად და ორგანიზებულად. ფეხბურთი უნდა იყოს შემტევი და სანახაობრივი, რადგან ესაა "რეალის" ისტორია და ამას ითხოვენ გულშემატკივრები ჩვენგან. ქარიმ ბენზემამ 30 კი არა, 50 გოლი უნდა გაიტანოს. ასევე ვინისიუსმა უფრო მეტჯერ უნდა გამოიჩინოს თავი და საერთი ყველამ ერთად უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს. ბენზემა უმაღლესი დონის შემტევია და დიდი პროგრესი განიცადა. ასევე, დიდ იმედს ვამყარებ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მიზანი ბევრი გოლის გატანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავდამსხმელი უნდა დავიმატოთ, არამედ აქცენტი ახალგაზრდების თავის გამოჩენაზე უნდა გავაკეთოთ."
ანჩელოტის განაცხადა, რომ კლუბის აკადემიის და ამჟამინდელი გუნდის ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს და მზადაა სამუშაოდ.
"შემადგენლობას კარგად ვიცნობ, მათ შორის განათხოვრებულ ფეხბურთელებს და ასევე აკადემიაში მოთამაშე ბიჭებს. მინდა, რომ ყველა ნელ-ნელა შევაფასო. როდესაც პირველად აქ მოვედი ხესე როდრიგესი, კაზემირო, ალვარო მორატა და დანი კარვახალი "კასტილიადან" დავაწინაურეთ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გვინდა გუნდისთვის გეგმა შევიმუშავოთ, რათა სამომავლოდ ყველა ტურნირისთვის ბრძოლა შევძლოთ."
იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" დატოვების შემდეგ იგი უფრო გამოცდილი და თავდაჯერებულია.
"ექვსი წლის წინანდელი კარლო ანჩელოტი აღარ ვარ. უფრო მეტი გამოცდილება მივიღე. "ევერტონში" თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ნეგატიური გამოცდილებაც საჭიროა პროგრესისთვის. ახლა მყავს კარგი გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით და მაღალი სათამაშო კლასით."