სხვა

1:43 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარმა სვიატეკმა როლან გაროსი მეგობრის დამარცხებით დაიწყო

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა ტიტულის დაცვა, უახლოესი მეგობრის, სლოვენიელი კაია იუვანის დამარცხებით დაიწყო. და ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავს საიუბილეოდ საჩუქარიც მიუძღვნა.

სვიატეკმა, ვისაც დღეს 20 წელი შეუსრულდა, იუვანს 6-0, 7-5 მოუგო. შეხვედრის დაწყებამდე, იუვანი პოლონელს მხურვალედ გადაეხვია, მაგრამ ეს მათი შეხვედრის ხასიათზე არ ასახულა. ჩემპიონმა პირველ სეტში მეტოქე გაანადგურა, თუმცა მეორეში მისგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა.

„საუკეთესო მეგობრის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ამ დროს იძულებული ხარ, მეგობრობა ორი საათით დაივიწყო და ყურადღება თამაშს დაუთმო. ვფიქრობ, ეს კარგად გამომივიდა. კარგია, რომ ეს თვისება მაქვს. ჰოდა, კაიას ისე ვეთამაშე, როგორც სხვებთან ვთამაშობ“, - განაცხადა სვიატეკმა.

აღსანიშნავია, რომ სვიატეკმა ზედიზედ სამი ისეთი სეტი ითამაშა, რომლებშიც ერთი გეიმიც არ დაუთმია. შეგახსენებთ, რომ რომის ტურნირის ფინალში, მან 6-0, 6-0 დაამარცხა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა.

მეორე სეტში იუვანმა აგრესიას უმატა და მეგობარს საკმაო პრობლემებიც შეუქმნა. სეტის დასაწყისში, მათ ბრეიკები გაცვალეს. შემდეგ ორივე საკუთარ მოწოდებას იგებდა, მაგრამ მე-12 გეიმში, სვიატეკმა მეოთხე მატჩპოინტი გამარჯვების ქულად აქცია.

0.161185