ჩოგბურთი

1:45 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა როლან გაროსს დეპრესიის გამო გამოეთიშა

იაპონელმა ნაომი ოსაკამ დღეს საჩოგბურთო სამყარო გააოცა, როდესაც საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა და ამის მიზეზად, დეპრესია დაასახელა. უფრო ადრე, მან განაცხადა, რომ ტურნირის მსვლელობისას, მედიას ბოიკოტს უცხადებს თამაშების შემდგომ სავალდებულო პრესკონფერენციებს არ დაესწრება. ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ ჟურნლისტების კითხვები მას სტრესს უქმნის.

დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელმა ოსაკამ, სიტყვა ტურნირის პირველივე დღეს შეასრულა, როდესაც თამაშის მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე არ მივიდა. ამის გამო, როლან გაროსის მსაჯმა 15 000 დოლარით დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ ამ საქციელის გამეორების შემთხვევაში, ტურნირს დაატოვებინებდა. უფრო მეტიც, იყო იმის შანსიც, რომ ოსაკასთვის დიდი სლემის სხვა ტურნირებზე თამაშის უფლებაც ჩამოერთვათ.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ამის პასუხად, დღეს გადაწყვიტა, რომ ტურნირი მიეტოვებინა.

„ეს ის სიტუაცია არაა, რომელსაც ჩემი პოსტის დაწერის შემდეგ ველოდი. ვფიქრობ, ჩემთვის, ტურნირისთვის და სხვა მოთამაშეებისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ტურნირს დავტოვებ და ყველას თავის საქმის მშვიდად კეთების საშუალებას მივცემ. მე არ მინდოდა ყურადღების გაფანტვა და ალბათ, ჩემი განცხადების მიზეზი უკეთ უნდა განმემარტა“, - განაცხადა 23 წლის ოსაკამ.

იაპონელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ დეპრესიას 2018 წლიდან ებრძვის: „სიმართლე ისაა, რომ აშშ-ის 2018 წლის ღია პირველობის შემდეგ, დეპრესიის ხანგრძლივი შემოტევები მაქვს, რასთან გამკლავებაც მიჭირს ხოლმე. ვინც მიცნობს, იცის, რომ ინტროვერტი ვარ და ვისაც ტურნირზე ვუნახივარ, ეცოდინება, რომ ხშირად ყურსასმენებით დავდივარ, რაც ჩემს სოციალურ შიშებთან გამკლავებაში მშველის“, - ამბობს ოსაკა.

ცნობისათვის, აშშ-ის 2018 წლის ღია პირველობის ფინალში, ოსაკამ სერენა უილიამსი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა დიდი სლემის ტურნირის ტიტული. მაყურებელი წარდგენაზე მას უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა. ეს კი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ შეხვედრისას, სერენას მსაჯთან კამათი ჰქონდა.

ოსაკა ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ოსაკამ განაცხადა, რომ მსოფლიო მედიასთან საუბრისას, „მღელვარების ძლიერი ტალღა“ გადაუვლის ხოლმე.

ამერიკელი სოფია კენინი, ვისაც ავსტრალიის ღიაქ პირველობა აქვს მოგებული და ერთხელაც საფრანგეთის ღიას ფინალში ითამაშა, ამბობს, რომ მედიასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ელიტარული ჩოგბურთის მოთხოვნები ძნელი შესასრულებელია. მაგრამ ეს ისაა, რაც ჩოგბურთელებს ევალებათ.

ოსაკა ამბობს, რომ გარკვეული დროით ჩოგბურთისგან დაისვენებს და შემდეგ სპორტის ხელმძღვანელობას სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაელაპარაკება.

0.113593