კალათბურთი

1:25 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად: "ანადოლუ ეფესი" ევროლიგის ჩემპიონია

სტამბოლის „ანადოლუ ეფესი“ ევროლიგის ჩემპიონია! თურქულმა გუნდმა ფინალში კატალონიის „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში 86:81 დაამარცხა.

„ბარსამ“ მეორე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 10 ქულით წააგო და საბოლოო ჯამში როგორც გაირკვა, ეს გარდამტეხი გამოდგა.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვასილიე მიჩიჩი იყო, რომელმაც 35 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების შეინ ლარკინთან ერთად ყველაზე მაღალი კოეფიციენტიც ჰქონდა - 28. ლარკინმა 37 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა და სწორედ მათმა გარჯამ განაპირობა თურქული კლუბის ისტორიული გამარჯვება.

„ბარსელონაში“კორი ჰიგინსმა 23 ქულა, კაილ კურიჩმა 19, ბრენდონ დევისმა 17 და ნიკ კალატესმა 11 ქულა დააგროვა.

აქვე გეტყვით, რომ „ანადოულუ ეფესი“ ისტორიაში პირველად გახდა ევროლიგის ჩემპიონი. თურქები ამ მიზანთან ორი წლის წინაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო 2000 და 2001 წლებში მესამე ადგილიც დაიკავეს.

0.115763