გიორგი წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება ოფიციალურად აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო, რომელიც მაისურთან ერთად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
წიტაიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს ნაკრების წარმატებისთვის და საქართველოს მაისურით თამაშის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.
"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.
ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი წიტაიშვილის სიტყვებს.
შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის შვილია და ისრაელში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა უკრაინაში დაიწყო, სადაც 17, 18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში ითამაშა. 2019 წელს 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში სამხრეთ კორეასთან გოლიც გაიტანა. გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ვორსკლაში“ გაატარა, მაგრამ ტრავმა მარტში მიიღო და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს ასრულებს, ვარჯიშისთვის მალე მზად იქნება. 20 წლის შემტევი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა და მირჩა ლუჩესკუს გუნდთან ახალი სეზონისთვის მოემზადება.