საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. გურამ გიორბელიძემ ავსტრიის ბუნდესლიგის კონფერენციის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა დღეს გამართა და საქართველოში ხვალ ჩამოვა. დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს ნაკრების კაპიტანი კაბა კანკავაც ესწრებოდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საქართველოს ნაკრები თბილისში ბოლო ვარჯიშს, 31 მაისს, ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.
მიმდინარე შეკრებისა და ამხანაგური მატჩების შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა გააკეთეს:
ვაკო გვილია: "რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შეკრებისთვის დიდი დრო გვაქვს. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს, ეს დრო აუცილებად უნდა გამოვიყენოთ შესათამაშებლად და ახალი ტაქტიკური მონახაზის დასამუშავებლად. შეკრების საწყის ეტაპზე შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი უფრო ინტენსიურად ვემზადებით. პატარა პაუზის შემდეგ კვლავ ფორმაში შევდივართ და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა. საინტერესო თამაშებს ველოდები, რუმინეთი უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდები კი ძალიან დიდი გუნდია, ასე, რომ ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება".
გიორგი ბერიძე: "წინა შეკრებისგან განსხვავებით დიდი დრო გვაქვს და ეს ხელს შეგვიწყობს,რომ კარგად მოვემზადოთ თამაშებისთვის. უფრო გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო კარგად შევთამაშდებით ამხანაგური თამაშებისთვის. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს არ აქვს მნიშვნელობა თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. მოტივაცია მაღალ დონეზეა და ორივე თამაშში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ".
სერგო კუხიანიძე: "ჩემი გამოძახება მოულოდნელი იყო, ამას არ ველოდი, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა შემარჩიეს მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. ძალიან კარგი შეკრება გამოდის, ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არაა, რადგან 21-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ადაპტაციის პროცესი მარტივად გავიარე, ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს ამხანაგურ მატჩს სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 6 ივნისს, ასევე გასვლაზე ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)
GFF.GE