ფეხბურთი

1:04 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

არისტოკრატული ტრიუმფი: "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო!

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გამარჯვებული ლონდონის „ჩელსია“. პორტუში, ინგლისურ ფინალში „არისტოკრატებმა“ „მანჩესტერ სიტის“ აჯობეს და დამსახურებულად აღმართეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი.

„მანჩესტერ სიტი“ პირველად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსი“ კი მესამედ და პირველად 2012 წლის შემდეგ. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ორ თვეში ეს გუნდები ორჯერ იყვნენ შეხვედრილნი და ორჯერვე ტომას ტუხელის ბიჭებმა პეპ გვარდიოლას შეგირდებს მოუგებს. ამდენად, ნათელი იყო, რომ ფავორიტობის მიუხედავად „სიტის“ მძიმე თამაში ელოდა. ასეც მოხდა, „ქალაქელებმა“ ნამდვილად ვერ აჩვენეს ის თამაში, რასაც მისგან შეჩვეულია გულშემატკივარი. აშკარა იყო, ნერვიულობის მომენტი და მანჩესტერელებს კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება არ გამოუვიდათ.

თამაში „ჩელსის“ უპირატესობით დაიწყო. ყველაზე ახლოს გოლთან ტიმო ვერნერი იყო, რომელმაც ორი ხელსაყრელი მომენტი ქარს გაატანა. საპასუხოდ, „სიტის“ პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია შეტევაში. ტაიმის ბოლოს კი ანგარიშიც გაიხსნა. ლონდონელთა ბრწყინვალე კომბინაცია სულ რაღაც სამი პასისგან შედგებოდა - მეისონ მაუნტის დიდებული გადაცემით კაი ჰავერტცი ედერსონთან პირისპირ დარჩა, რომელიც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა - 0:1. აშკარა იყო „სიტის“ დაცვის ხაზის ჩავარდნა, რადგან ძალიან დიდი სივრცე იყო დარჩენილი, რითაც ტუხელის ბიჭებმა უმალვე ისარგებლეს.

კაი ჰავერტცს აქამდე კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ამრიგად, სადებიუტო გოლი ფინალში გაიტანა! ის 2013 წლის შემდეგ პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა. ამავდროულად, 1997 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი (21 წლის და 352 დღის), რომელმაც ფინალში გაიტანა. მასზე უფრო ახალგაზრდა გერმანელი ლარს რიკენია, ვისაც ფინალში გაუტანია (20 წლის და 322 დღის, 1997 წელს „იუვენტუსთან“).

მეორე ტაიმში „სიტიმ“ ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, „ჩელსიმ“ მეორე ნომრად თამაში დაიწყო და ამავდროულად, დაცვაშიც დიდებულად თამაშობდა. ამიტომაცაა, რომ „სიტის“ სახიფათო მომენტების შექმნა არათუ უჭირდა, არც გამოსვლია. უფრო მეტიც, გოლთან უფრო ახლოს ლონდონელები იყვნენ, მაგრამ კრისტიან პულიშიჩმა, რომელიც პირველი ამერიკელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ისეთი პოზიციიდან ვერ გაიტანა, რომ არ ეპატიება. არადა, მას შეეძლო ყოველგვარი ინტრიგა მოეკლა, მაგრამ ვერ შეძლო.

საბოლოოდ, გვარდიოლამ და „მანჩესტერ სიტიმ“ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს და ისე დამარცხდნენ, რომ საგოლე მომენტი თითქმის არ ჰქონიათ. ეს არ არის გადაჭარბებული, ოდენ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე რიად მაჰრეზის დარტყმის გახსენება შეიძლება. პირველ ტაიმში ტიაგო სილვამ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, მეორე ნახევრის დასაწყისში იგივე ისტორია გადახდა თავს კევინ დე ბრუინს და ბელგიელის გარეშე დარჩენილი "სიტი" ფრთამოტეხილ ჩიტს ჰგავდა. ცალკე უნდა ვახსენოთ ნგონო კანტე, რომელიც ნახევარდაცვაში გაუვალი და მონუმენტური იყო და რა გასაკვირია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედაც ფრანგი დასახელდა.

„ჩელსიმ“ 1:0 მოიგო და ისტორიაში მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, 2012 წლის შემდეგ კი პირველი ტრიუმფი იყო. ტომას ტუხელმა კარიერაში პირველად მოიპოვა უმაღლესი საკლუბო ჯილდო, ხოლო პეპ გვარდიოლამ პირველი ფინალი წააგო. ბოლო სამი სეზონია ჩემპიონთა ლიგას გერმანელი მწვრთნელები იგებენ - იურგენ კლოპი, ჰანს-დიტერ ფლიკი და ტომას ტუხელი. ტუხელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ თვეში მან პეპ გვარდიოლა მესამედ დაამარცხა და ეს არ შეიძლება შემთხვევითობა არ იყოს.

ამრიგად, ლონდონის „ჩელსი“ კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონია და ახლა წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც სულ მალე, ორ კვირაში დაიწყება.

„მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსი“ 0:1 (0:1)

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 14 110

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, რუბენ დიაში, სტოუნსი, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა (ფერნანდინიო 64), გიუნდოგანი, ფოდენი; მაჰრეზი, დე ბრუინი (გაბრიელ ჟესუსი 60), სტერლინგი (აგუერო 77)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; რიუდიგერი, ტიაგო სილვა (კრისტენსენი 39), ასპილიკუეტა; ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი; მაუნტი (კოვაჩიჩი 80), ვერნერი (პულიშიჩი 66), ჰავერტცი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 ჰავერტცი (42)

გაფრთხილება: გიუნდოგანი (35), გაბრიელ ჟესუსი (88) - რიუდიგერი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 7 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

0.118602