ფეხბურთი

16:40 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ჩემპიონთა ლიგაზე "ოთხთა ფინალის" მომხრე ვარ"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგაზე „ოთხთა ფინალის“ სისტემის მომხრეა. სლოვენიელმა ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გარდა, სუპერლიგის შესახებაც ისაუბრა.

„სუპერლიგის შექმნის გამო იმედგაცრუებული ვიყავი, ეს იყო შეთქმულება, რომელსაც ზოგიერთი კლუბი ხელმძღვანელობდა. საბოლოო ჯამში, ძალიან პოზიტიურია, რომ ეს მოხდა, რადგან ევროპულ ფეხბურთში ვითარების გარკვევას მოემსახურა. იმ დღეებში ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნორმალურ სიტუაციას დაუბრუნდა. მომავალში იგივე პროექტი? არასდროს თქვა არასდროს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ მაგიდაზე მინიმუმ 10 წლის განმავლობაში არ იქნება. ხელმძღვანელი სამი კლუბის მხრიდან დამოკიდებულება საფეხბურთო ოჯახისთვის შოკისმომგვრელი და მიუღებელია.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი? ახალი ფორმატი უპირატესობას ანიჭებს, როგორც დიდ, ისე პატარა კლუბებს. ყველა მეტ თამაშს ჩაატარებს. ზოგი შეთქმულების თეორიას ხედავს, მაგრამ ეს არასწორია, შეჯიბრი უფრო საინტერესო გახდება.

„ოთხთა ფინალი“? განვიხილავთ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. მოგვეწონა შარშანდელი „რვათა ფინალი“ პორტუგალიაში, მაგრამ ეს ორი კვირა გრძელდება და ეს ძალიან ბევრია. „ოთხთა ფინალის“ 2024 წლიდან წარმოდგენისთვის არსებობს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ, შეგიძლია შექმნა ფანტასტიკური ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში, მეორეს მხრივ, კლუბები დაკარგავენ საშინაო მატჩებს და ტელევიზიებისგან ნაკლები შეთავაზება ექნებათ. არსებობს ფინანსური და მარკეტინგული საკითხები, რომელმაც მოგვარება შესაძლებელია. პირადად მე „ოთხთა ფინალის“ მომხრე ვარ. სწორედ გაკეთების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ფანტასტიკურიც და შემოსავლიანიც. თუმცა, თავისი აზრის დაფიქსირება ნებისმიერს შეეძლება“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგაზე „ოთხთა ფინალის“ შემოღებას 2024 წლიდან აპირებს. ნახევარფინალისტი ოთხი გუნდი ერთ ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში ითამაშებენ და ნახევარფინალიც ფინალის მსგავსად ერთ მატჩიანი იქნება.

0.15112