საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელსა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს შორის შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო შერატონში ვილი სანიოლსა და ადგილობრივი კლუბების მწვრთნელებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. საუბარი ეროვნული ნაკრებისა და კლუბების მწვრთნელებს შორის 2 საათი გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალში გაიმართება.
გია გეგუჩაძე („დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ ჩვენი მოსაზრება გავაცანით, მაგრამ მთლიანობაში ვთანხმდებით იმაზე თუ რა სჭირდება ფეხბურთის განვითარებას, როგორ ხედავენ მწვრთნელები რა გზით უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი. იმედია, ის საკითხები, რომელიც დაგვიგროვდა, უფრო ვრცლად იქნება ეტაპობრივად განხილული. მინდა, წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ თანამშრომლობით უფრო წინ წავწევთ ქართულ ფეხბურთს“.
გიორგი ჭიაბრიშვილი („ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი): „ნამდვილად სხვანაირი მიდგომაა. პირველ რიგში მან ჩვენს ფეხბურთელებს იმედი მისცა, თუ საქართველოს ჩემპიონატში მაღალ დონეზე ითამაშებენ, ნაკრებში მოხვდებიან. კი, აქამდეც იძახებდნენ, ოღონდ არ თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრს მიეცა ამის საშუალება და ეს არის იმედი. ეს არ არის, მხოლოდ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე, ბავშვებსაც ამის იმედი აქვთ, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვდებიან. გარდა ამისა, ასეთი შეხვედრა, ინფორმაციის გაცვლა, ეს არის სურვილი, რომ აქ კარგად იმუშაოს. როგორც არ უნდა წარიმართოს მისი მუშაობა, მე უკვე ვხედავ ამ დადებით ნაბიჯებს - აქ ცხოვრობს, კომუნიკაცია ჰქონდეს ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან, უფრო მეტი გასცეს და აქედანაც რაღაც მიიღოს. ეს არის პულსზე ხელის დადება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.