შარლ ლეკლერი ფიქრობს, რომ მონაკოს დიდი პრიზი ის რბოლა იყო, რომელშიც „ფერარის“ ამ სეზონში მოგებისთვის ბრძოლის ერთადერთი შანსი ჰქონდა. ამის დასტურად, ლეკლერმა კვალიფიკაცია მოიგო, კარლოს საინსმა კი რბოლა კვარცხლბეკზე ასვლით დაასრულა.
მონაკოელმა მრბოლმა კვალიფიკაცია კი მოიგო, მაგრამ ბოლო ცდაზე ზღუდეს შეეჯახა მანქანა იმდენად დაუზიანდა, რომ რბოლაში მონაწილეობაც ვერ შეძლო. არადა შემოწმების შემდეგ „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ ლეკლერის მანქანას სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა.
საინსმა ფინიშს მეორემ მიაღწია. ეს მისი პირველი კვარცხლბეკია მარანელოელთა მანქანით. ბოლო რვა რბოლაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფერარის“ პილოტი კვარცხლბეკზე ავიდა.
„რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან საშინაო რბოლაში გამოსვლაც ვერ შევძელი. მაგრამ ასეთია მოტორსპორტი. მსგავსი რამ ხდება ხოლმე. როგორც ბინოტომ თქვა, აქ მომხდარს ვერასდროს დავივიწყებ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმჯობესება სახეზეა. გასული სეზონის შემდეგ, ყოველ რბოლაში ვუმატებთ. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მოგებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროგრესი არ გვაქვს“, - ამბობს ლეკლერი.
„ჩვენ სწორ გზაზე ვართ. რა თქმა უნდა, იღბალი ჩემკენ არ იყო, მაგრამ ხდება ხოლმე. ახლა უკვე ბაქოს რბოლაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, იქაც კარგი შედეგი ვაჩვენო“, - დასძენს ლეკლერი.