ფეხბურთი

10:28 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთ ნაბიჯი ნანატრ ტიტულამდე: ფინალი, რომელშიც ყველაფერი მოსალოდნელია

დღეს ევროპული საკლუბო ფეხბურთის 2020-2021 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდება და მთავარი გვირგვინი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც ინგლისურია.

„მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „ჩელსი“ კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის შეეცილებიან და ორივე გუნდი ამ ტიტულს ნამდვილად მოწყურებულია. უფრო მეტიც, „ჩელსის“ ერთადერთხელ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ საერთოდაც ფინალშია პირველად. ამდენად, ორივესთვის სასწორზე ძალიან ძვირფასი თასი დევს.

პეპ გვარდიოლა 2011 წლის შემდეგ პირველად იქნება ფინალში, ხოლო ტომას ტუხელი უკვე ზედიზედ მეორედ. შარშან გერმანელი პსჟ-სთან ერთად მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა და ბუნებრივია, ახლაც ვერცხლის მედლით დაჯერება არ სურს.

ტუხელმა მატჩამდე აღიარა, რომ მისი გუნდი ფავორიტი არაა, „სიტი“ ევროპაში საუკეთესო გუნდია, მაგრამ სჯერა, რომ „ჩელსის“ გამარჯვება შეუძლია. ლონდონელებს მანჩესტერელთა ძლევა მართლაც რომ ხელეწიფებათ, ბოლო ორ თვეში ორჯერ დამტკიცდა - „არისტოკრატებმა“ „სიტი“ ჯერ ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში დაამარცხეს და მერე პრემიერლიგაში, თანაც „ეტიჰად სთედიუმზე“. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სულ სხვა მოტივაციაა, სხვა თამაშია, რომელსაც გამოცდილებაც სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ „სიტი“ ფინალში პირველადაა, უფრო გამოცდილი გუნდია, რომელსაც გვარდიოლა ხუთი წელია აშენებს და უფრო თავდაჯერებულიცაა, ვიდრე გასულ წლებში, ხოლო „ჩელსი“ ჯერ ახალგაზრდული, მაგრამ ფეთქებადი გუნდია, რომელსაც კონტრშეტევები დიდებულად ეხერხება. გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ და პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ხვდებიან სეზონის თამაშს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური ისტორიაში მესამედ იქნება. 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სწორედ „ჩელსის“ პენალტების სერიაში აჯობა, ხოლო ორი წლის წინ „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ ძალზე ადვილად მოუგო. საინტერესოა რა იქნება მესამე შემთხვევაში.

ფინალური შეხვედრა სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩი პორტუში, „ესტადიო დრაგაუზე“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფინალურ დაპირისპირებას გულშემატკივრებიც დაესწრებიან - სტადიონის ტევადობის 33%!

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „ვეცდებით შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ. მრავალი წელია, რაც ერთად ვთამაშობთ და როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადიხარ, ეს პროცესი სრულდება. ვინც დაიმსახურებს, გამარჯვებასაც ის მოიპოვებს. შეგვიძლია ვივარჯიშოთ პენალტების სერიაზე, მაგრამ ვერ მოახერხებ რეალური პენალტების სერიის დაძაბულობის სიმულაციას. ვესაუბრები ფეხბურთელებს და ზუსტად ვიცი, მათ რა უნდა ვუთხრა. ბევრი საფიქრალი მაქვს, არამხოლოდ პენალტების სერია. ზუსტად ვიცი, როგორ ვითამაშებთ და ვინ გავა მოედანზე. ფინალში მონაწილეობა დიდი პრივილეგიაა. ყველას მადლიერები ვართ და ვფიქრობთ, რომ გაგვიმართლა. გვინდა საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. მე ყველაფერი მაქვს, უფრო მეტს ვერ მოვითხოვ. ყველაფერი მარტივადაა, ჩვენ ერთად ვიზიარებთ შეცდომებსაც და წარმატებებსაც, კონტრაქტიც ამიტომ განვაახლე. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. არ დამავიწყდება „დორტმუნდთან“ და პარიზში პირველი ტაიმი. მეტოქეები იმ მომენტებში უფრო ძლიერები იყვნენ. ხვალაც 90 წუთის განმავლობაში დომინანტი ერთი გუნდი არ იქნება და როდესაც შანსი გვექნება, ვეცდებით გამოვიყენოთ.

მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან აქ ვარ. ეს არის პრივილეგია და პატივი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. შემადგენლობა? საშინელებაა ფეხბურთელებს უთხრათ, რომ ისინი შემადგენლობაში არ არიან. არ გირჩევთ, რომ მწვრთნელი გახდეთ. მე ნამდვილად შევდივარ მათ მდგომარეობაში, ისინი ყველანი იმსახურებენ მოედანზე ყოფნას“.

ტომას ტუხელი („ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი): „მანჩესტერ სიტი“ ევროპაში უძლიერესი გუნდია. პრემიერლიგაში მასსა და სხვებს შორის უზარმაზარი უფსკრულია, მაგრამ ჩვენ „უემბლისა“ და მანჩესტერში ეს უფსკრული ამოვავსეთ. კარგად ვიცით, რომ „მანჩესტერი“ ამოსავალი წერტილია, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის შესაძლებელია უფსკრულის ამოვსება. როგორ დავამარცხეთ ორჯერ? ძლიერი ვიყავით, როგორც გუნდის და ძლიერი რწმენა გვქონდა.

ეს არ არის ჩემი და გვარდიოლას დაპირისპირება, ეს არ არის საჩოგბურთო მატჩი. ხვალ „სიტის“ შემადგენლობა ძალიან განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება და გამბედაობა. ყოველთვის რთულია პეპის წინააღმდეგ თამაში, ყოველთვის ახერხებს გამარჯვებული მენტალიტეტის შექმნას.

ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი თამაში ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ჩაატარა, ფრენკმა ძალიან კარგად იმუშავა ჯგუფურ ეტაპზე. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით, მაგრამ გვინდა უდიდესი სიხარული თამაშის შემდეგ განვიცადოთ. აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოგებას შევძლებთ. უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესოები ვიყოთ და თუ მაქსიმალურად დავიხარჯებით, სინანულის გრძნობას არ გვექნება“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი; მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი; პულიშიჩი, ვერნერი, მაუნტი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

0.142755