ფეხბურთი

23:49 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "სიტიმდე" დიდი უფსკრულია, მაგრამ ორჯერ უკვე დავამარცხეთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი აუტსაიდერია და „სიტი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ლონდონელები გამარჯვებას მოახერხებენ.

„მანჩესტერ სიტი“ ევროპაში უძლიერესი გუნდია. პრემიერლიგაში მასსა და სხვებს შორის უზარმაზარი უფსკრულია, მაგრამ ჩვენ „უემბლისა“ და მანჩესტერში ეს უფსკრული ამოვავსეთ. კარგად ვიცით, რომ „მანჩესტერი“ ამოსავალი წერტილია, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის შესაძლებელია უფსკრულის ამოვსება. როგორ დავამარცხეთ ორჯერ? ძლიერი ვიყავით, როგორც გუნდის და ძლიერი რწმენა გვქონდა.

ეს არ არის ჩემი და გვარდიოლას დაპირისპირება, ეს არ არის საჩოგბურთო მატჩი. ხვალ „სიტის“ შემადგენლობა ძალიან განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება და გამბედაობა. ყოველთვის რთულია პეპის წინააღმდეგ თამაში, ყოველთვის ახერხებს გამარჯვებული მენტალიტეტის შექმნას.

ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი თამაში ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ჩაატარა, ფრენკმა ძალიან კარგად იმუშავა ჯგუფურ ეტაპზე. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით, მაგრამ გვინდა უდიდესი სიხარული თამაშის შემდეგ განვიცადოთ. აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოგებას შევძლებთ. უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესოები ვიყოთ და თუ მაქსიმალურად დავიხარჯებით, სინანულის გრძნობას არ გვექნება“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ლონდონის „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ისტორიაში მეორედ აქვს, ხოლო „სიტი“ ფინალში პირველად გავიდა. მატჩი 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.144661