ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ფინალს ის გუნდი მოიგებს, რომელიც დაიმსახურებს. გვარდიოლამ უკვე იცის, როგორ და რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში.
„ვეცდებით შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ. მრავალი წელია, რაც ერთად ვთამაშობთ და როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადიხარ, ეს პროცესი სრულდება. ვინც დაიმსახურებს, გამარჯვებასაც ის მოიპოვებს.
შეგვიძლია ვივარჯიშოთ პენალტების სერიაზე, მაგრამ ვერ მოახერხებ რეალური პენალტების სერიის დაძაბულობის სიმულაციას. ვესაუბრები ფეხბურთელებს და ზუსტად ვიცი, მათ რა უნდა ვუთხრა. ბევრი საფიქრალი მაქვს, არამხოლოდ პენალტების სერია.
ზუსტად ვიცი, როგორ ვითამაშებთ და ვინ გავა მოედანზე. ფინალში მონაწილეობა დიდი პრივილეგიაა. ყველას მადლიერები ვართ და ვფიქრობთ, რომ გაგვიმართლა. გვინდა საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. მე ყველაფერი მაქვს, უფრო მეტს ვერ მოვითხოვ. ყველაფერი მარტივადაა, ჩვენ ერთად ვიზიარებთ შეცდომებსაც და წარმატებებსაც, კონტრაქტიც ამიტომ განვაახლე. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ.
არ დამავიწყდება „დორტმუნდთან“ და პარიზში პირველი ტაიმი. მეტოქეები იმ მომენტებში უფრო ძლიერები იყვნენ. ხვალაც 90 წუთის განმავლობაში დომინანტი ერთი გუნდი არ იქნება და როდესაც შანსი გვექნება, ვეცდებით გამოვიყენოთ.
მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან აქ ვარ. ეს არის პრივილეგია და პატივი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. შემადგენლობა? საშინელებაა ფეხბურთელებს უთხრათ, რომ ისინი შემადგენლობაში არ არიან. არ გირჩევთ, რომ მწვრთნელი გახდეთ. მე ნამდვილად შევდივარ მათ მდგომარეობაში, ისინი ყველანი იმსახურებენ მოედანზე ყოფნას“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო გვარდიოლასთვის ასევე პირველი ფინალია 2011 წლის შემდეგ. მატჩი 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.