ფეხბურთი

10:24 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "მთავარია მუხტი და ემოცია სწორად მივმართოთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდი პირველად ავარჯიშა და კლუბის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა. ცხადაძის განცხადებით, გუნდი მზადაა და სანაკრებო პაუზის გამო დროც აქვთ სეზონის განახლებამდე კიდევ უფრო კარგად მოსამზადებლად.

„ერთი მხრივ ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ გუნდში დავბრუნდი და მეორეს მხრივ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ამას მეც და ჩემი სამწვრთნელო შტაბიც გრძნობს. ვიცი, რომ ჩვენგან დიდი მოლოდინია და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს არ გავუცრუებთ. სწორად მუშაობისთვის შედეგის მისაღებად, რასაც ჩვენგან ითხოვენ, ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, რომ ფეხბურთელებმა სწრაფად გაიგონ ჩვენი იდეები და შედეგიც იქნება. გუნდი მზადაა, კარგი ფეხბურთელებიც დაგვხვდა. ამას ჩვენს ხედვებს დავამატებთ, რომელსაც იმედია, ფეხბურთელები სწრაფად აითვისებენ და იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც გვინდა.

სეზონი დაწყებულია და ეს პრობლემა არ არის, პირიქით, დიდი სამუშაოა გაწეული, ეს პლუსია. გარდა ამისა, 12 დღე გვაქვს სეზონის განახლებამდე მოსამზადებლად და გუნდის უკეთ გასაცნობად. გუნდში არის მუხტი, რაც ახალი მწვრთნელის დროს ყოველთვის არსებობს, ახლა მთავარია, რომ ეს მუხტი და ემოცია სწორად მივმართოთ და შედეგზე გავაკეთოთ ორიენტირება“, - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძემ გიორგი ნემსაძე შეცვალა, რომელმაც სპორტული დირექტორის პოსტი დაიკავა. ცხადაძე „დინამოში“ 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097242