სხვა

3:14 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრის ფრუმი ტურ დე ფრანსისთვის დოფინზე მოემზადება

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი, ბრიტანელი კრის ფრუმი ამბობს, რომ ერთკვირიან რბოლა კრიტერიუმ დუ დოფინზე იასპარეზებს და თუ „ყველაფერი კარგად წავა“, ტურ დე ფრანსზეც გამოვა.

ფრუმს ჯიროზე 2018 წელს გამარჯვების შემდეგ, ერთი რბოლაც არ აქვს მოგებული. 2019 წელს, სწორედ კრიტერიუმ დუ დოფინზე მძიმე ავარიაში მოყვა, რის შემდგაც მისი კარიერა უკუღმა წავიდა. გასული სეზონის ბოლოს, მან გუნდი გამოიცვალა - „ინეოს გრენადერსიდან“ „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენში“ გადავიდა.

36 წლის ველომრბოლმა, ვისაც ლონდონის და რიოს ოლიმპიადებზე, დროზე რბოლებში ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული და ორ-ორჯერ იყო ჯიროს და ვუელტას ჩემპიონი, ამ სეზონიში რომანდიის და ალპების ტურებზე იასპარეზა. კარგი შედეგები არ ჰქონია, თუმცა ეს მისი მიზანი არც ყოფილა. მთავარი მიზანი, ტურისთვის მომზადებაა.

„ყოველი კვირის ვარჯიშის შემდეგ, თავს სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობ. ჯერ იმ ფორმაში არ ვარ, რომ საუკეთესოებს შევეჯიბრო. მაგრამ ფორმაში თანდათან შევდივარ. ამჟამად გუნდთან ერთად, ტენერიფეში ვვარჯიშობ. აქ ბევრი გუნდი ემზადება ტურ დე ფრანსისთვის. აქ მზადების დასრულების შემდეგ, დოფინზე გამოვალ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მერე ტურზეც“, - ამბობს ფრუმი.

დოფინზე მძიმე ავარია ორი წლის წინათ, 12 ივნისს შეემთხვა, რა დროსაც, მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვის დაზიანება მიიღო. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ბრიტანლის კარიერა დასრულდა. მაგრამ თავად სხვაგვარად გადაწყვიტა.

„ვიცი, რომ ბევრი ველომრბოლი, ასეთი ტრავმების შემდეგ, კარიერას დაასრულებდა. მე ძალიან, ძალიან გამიმართლა, რომ კიდევ ერთი შანსი მომეცა იმისა, რომ ასეთ მაღალ დონეზე პელოტონში ვიყო. ამდენი ადრე არასდროს მივარჯიშია. ეს ძნელი, ხანგრძლივი პროცესია. მოტივაცია არ დამიკარგავს. იმ შემთხვევის შემდეგ, ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ იმ ფორმაში დავბრუნდე, ადრე რომ ვიყავი. ვიცი, რომ ეს იოლი არ იქნება. ძალიან უნდა მოვინდომო. მაგრამ ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ თუ შრომას გავაგრძელებ, მოწინავეთა შორის დავბრუნდები“.

0.130909