ფეხბურთი

2:15 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული პენალტების სერია და დე ხეას შეცდომა: "ვილიარეალმა" ევროპა ლიგა მოიგო

„ვილიარეალი“ ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გამარჯვებულია. ესპანურმა კლუბმა ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა!

პოლონეთის ქალაქ გდანსკში ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრებიც დაესწრნენ და საოცრად დრამატული თამაში იხილეს. ანგარიში უნაი ემერის გუნდმა 29-ე წუთზე გახსნა. დანი პარეხოს სტანდარტულის შემდეგ ხერარდ მორენომ მცველებს აჯობა და თავისი გუნდი დააწინაურა. „ვილიარეალმა“ ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ინგლისელებმა წონასწორობა აღადგინეს. 55-ე წუთზე ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან დალაშქრა ესპანელთა კარი.

მთლიანობაში ტერიტორიულ უპირატესობას „მანჩესტერი“ ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომეტების შექმნა ნამდვილად უჭირდა, ისევე როგორც მეტოქეს და ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა და იქაც ანგარიში უცვლელი დარჩა - 1:1.

ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც ნამდვილად დრამატული იყო! ორივე გუნდმა 10-10 პენალტი გაიტანეს და ბურთთან მეკარეებსაც მოუწიათ მისვლა. ესპანელთა კიპერმა ხერონიმო რულიმ ზუსტად დაარტყა და თანაგუნდელები 11:10 დააწინაურა, ხოლო დავიდ დე ხეას დარტყმა არგენტინელმა მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

„ვილიარეალმა“ პირველი ტიტული მოიგო, თან ისე, რომ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, ხოლო უნაი ემერი მეოთხედ დაეუფლა ევროპა ლიგის თასს, რითაც ისტორიაში რეკორდსმენი გახდა და გადაასწრო ჯოვანი ტრაპატონის, რომელსაც ეს ჯილდო სამჯერ მოუგია. „ვილიარეალმა“ გარდა იმისა, რომ ისტორია დაწერა ევროპა ლიგის მოგებით, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

„ვილიარეალი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:1 პენ: 11:10 (1:0)

გდანსკი, „პოლსატ პლუს არენა“

„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ფოიტი (გასპარი 88), ალბიოლი, ტორესი, პედრასა (მორენო 88); პინო (პაკო ალკასერი 77), კაპო (რაბა 120), პარეხო, ტრიგეროსი; მორენო, ბაკა (კოკლენი 60)

მწვრთნელი: უნაი ემერი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა (მატა 120), ბაილი (ტუანზებე 116), ლინდელოფი, შოუ; მაკტომინეი (ალექს ტელეში 120), პოგბა (ჯეიმსი 116); გრინვუდი (ფრედი 100), ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი; კავანი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 1:0 მორენო (29), 1:1 კავანი (55)

გაფრთხილება: კაპო (54), ფოიტი (85) - ბაილი (82), კავანი (113)

პენალტების სერია: 1:0 მორენო, 1:1 მატა, 2:1 რაბა, 2:2 ალექს ტელეში, 3:2 პაკო ალკასერი, 3:3 ბრუნო ფერნანდეში, 4:3 მორენო, 4:4 რაშფორდი, 5:4 პარეხო, 5:5 კავანი, 6:5 გომესი, 6:6 ფრედი, 7:6 ალბიოლი, 7:7 ჯეიმსი, 8:7 კოკლენი, 8:8 შოუ, 9:8 გასპარი, 9:9 ტუანზებე, 10:9 პაუ ტორესი, 10:10 ლინდელოფი, 11:10 რული, 11:10 დე ხეა

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 9 (2) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.224701