მილანის „ინტერს“ ანტონიო კონტე ტოვებს. სენსაციური ინფორმაცია ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა გაავრცელა. მილანურ გუნდში არასახარბიელო ფინანსური ვითარებაა, რაც მწვრთნელის გადადგომის მიზეზი ხდება.
კონტე ამბიციურ პროექტს და გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მას ამის გარანტიას ვერ აძლევს. უფრო მეტიც, ზაფხულში დაგეგმილია, რომ ფეხბურთელებს ხელფასები 15-20%-ით შეუმცირდეთ.
წყაროს თანახმად, 51 წლის სპეციალისტის „ინტერიდან“ წასვლის ინფორმაცია უახლოეს 48 საათში ოფიციალურად დადასტურდება. იტალიელ სპეციალისტს შეხვედრა „ნერაძურის“ პრეზიდენტ სტივენ ჟანგთან ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც შეიძლება მხოლოდ იმიტომ შედგეს, რომ მხარეები ერთმანეთს დაემშვიდობონ.
ცნობილი გამოცემა კონტეს შემცვლელთა შორის ოთხ კანდიდატურას ასახელებს: მასიმილიანო ალეგრი, რომელიც შარშანაც ახლოს იყო „ინტერთან“, მაურიციო სარი, სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც წარსულშიც არაერთხელ დაუკავშირეს მილანურ გრანდს და სიმონე ინძაგი, რომელიც დიდი ალბათობით, „ლაციოს“ უახლოეს ხანში ოფიციალურად დატოვებს და ეს შეიძლება დღესვე მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ინტერი“ 2019 წელს ჩაიბარა და 11-წლიანი პაუზის მერე სკუდეტო, ბოლო 10 წელიწადში კი პირველი ტიტული მოაგებინა.