ფეხბურთი

11:26 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმასთვის ბრძოლაში "ბარსელონა" ფავორიტია, ტერ შტეგენი გერმანიაში ბრუნდება

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ეს გადაწყვეტილია, რადგან „როსონერიმ“ მისი შემცვლელი უკვე დაიმატა.

22 წლის იტალიელ კიპერს ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ. როგორც იტალიური მედია წერს, "ბარსელონასთან" ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას აქტიური კონტაქტი აქვს და ტრანსფერზე მუშაობს. ესპანელებს დონარუმას ხელში ჩაგდება უფასოდ შეუძლიათ და მზად არიან მისი სახელფასო მოთხოვნილება დააკმაყოფილონ.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში „ბარსას“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დატოვებს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შანსი აქვს, რადგან დორტმუნდის „ბორუსია“ სერიოზულ ინტერესს გამოხატავს. თუმცა, „ბარსელონას“ გარდა, დონარუმასთვის „იუვენტუსიც“ იბრძვის, რომელიც მზადაა მას სეზონში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დონარუმას „მილანი“ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მეკარე მინიმუმ 10 მილიონს ითხოვდა, რაც საბოლოოდ, მხარეების განშორების მიზეზი გახდა. ჯიჯოს ლომბარდიული გრანდი ოფიციალურად ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ ხელშეკრულება ერთ თვეში ეწურება.

„მილანმა“ უკვე დაიმატა „ლილის“ მეკარე მაიკ მენიო, რომელმაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და მილანში იმყოფება. ცხადია, ფრანგი მეკარე სათადარიგოს როლისთვის არ დაუმატებიათ და ეს ნათლად მიანიშნებს, რომ დონარუმა გუნდს დატოვებს.

იტალიელ მეკარეს აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია, „მილანის“ მაისურით კი 2015 წლიდან დღემდე 251 თამაში ჩაატარა. დონარუმა ამჟამად იტალიის ნაკრების შეკრებაზეა და მოსალოდენლია, რომ მისი სატრანსფერო საგა ევროპის ჩემპიონატამდე დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119789