ავტოსპორტი

0:43 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

FIA-ს ყოფილი პრეზიდენტი მაქს მოსლი გარდაიცვალა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ყოფილი პრეზიდენტი მაქს მოსლი, 81 წლისა გარდაიცვალა. ის კიბოს დიდხანს ებრძოდა.

მრბოლის ხანმოკლე კარიერის დასრულების შემდეგ, მოსლიმ პარტნიორებთან ერთად, ფორმულა 1-ის გუნდი „მარჩი“ ჩამოაყალიბა. შემდეგ სპორტი დატოვა და პოლიტიკური კარიერის დაწყება სცადა. მაგრამ მალე ისევ სპორტს დაუბრუნდა და 1991 წელს FIA-ის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე ის 2009 წლამდე მუშაობდა. შემდეგ კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მოსლის პრეზიდენტობისას მოხდა 1994 წლის პირველი მაისის ტრაგედია, რის შემდეგაც, პრეზიდენტის თაოსნობით, ფ1-ში და ავტოსპორტში უსაფრთხოების უპრეცედენტო ნორმების შემოღება დაიწყეს. სწორედ ამის წყალობით, ფორმულა 1-ში მრბოლთა და პერსონალის უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე ავიდა.

მოსლის დროსვე მოხდა სპორტის კომერციალიზაცია, რისი წყალობითაც, ფორმულა 1-ის წლიური ბიუჯეტი მილირდ დოლარს ასცდა. 2009 წლამდ FIA და მისი პრეზიდენტი, გუნდბთან კონფლიქტში ჩაბმული აღმოჩნდა. მოსლის სურდა ახალი რეფორმის გატარება, რისი მიზანიც, ხარჯების შემცირება იყო. ამავე პერიოდში, ბრიტანულმა ტაბლოიდმა „ნიუს ოფ დი ვორლდმა“ თავის პირველ გვერდზე გამოაქვეყნა მოსლის სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

მოსლიმ ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო გარჩევები მოიგო, თუმცა პრეზიდნტობაზე კენჭისყრისგან თავი შეიკავა. ის ჟან ტოდტმა შეცვალა, ვინც ამჟამადაც FIA-ს პრეზიდენტია. 2018 წელს მოსლი კიდევ ერთ სკანდალში აღმოჩნდა. პრესისთვის ცნობილი გახდა 1961 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები, რომელთა მიხედვითაც, მოსლი ავრცელებდა ფურცელს, რომელიც რასისტული პოლიტიკის პროპაგანდას წარმოადგენდა.

მოსლიმ, ვინც ბრიტანელი ფაშისტი პოლიტიკოსის, ოსვალდ მოსლის უმცროსი შვილი იყო, „ჩენელ 4-თან“ საუბრისას განაცხადა: „თუ ეს ფურცელი ნამდვილია, მასზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ის არ უნდა გამოგვეშვა“.

ჟან ტოდტი ამბობს, რომ ძლიერ დაამწუხრა მოსლის გარდაცვალებამ: „ის ფორმულა 1-ში და მოტორსპორტში დიდი ფიგურა იყო. FIA-ს პრეზიდენტის როლში 16 წელი გაატარა და ამ პერიოდში ბევრი რამ გააკეთა ტრეკსა და გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. FIA-ს საზოგადოება პატივს მიაგებს მას. ჩვენ მისთვის და მისი ოჯახისთვის ვილოცებთ“.

თავის მეგობარს პატივი მიაგო ბერნი ეკლსტოუნმა: „ჩვენ დაახლოებით 50 წელი ძმებივით ვიყავით. უმჯობესი იყო, ახლა წასულიყო, ვიდრე კიდევ ეწვალა. ჩვენ განსხვავებული მოსაზრება შეიძლება გვქონოდა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებდით და ყველაფერს ვაგვარებდით. ის პირდაპირი კაცი იყო. მაქსმა სპორტისთვის და ავტო ინდუსტრიისთვის ბევრი რამ გააკეთა. ის თუ ფიქრობდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა, ან ვინმე უნდა დაესაჯა, ამას აკეთებდა“.

ასეთი დასჯა იყო „მაკლარენის“ 100 მილიონი დოლარით დაჯარიმება და გუნდისთვის 2007 წლის ჩემპიონატში ყველა ქულის და მიღწევის ჩამორთმევა. ეს ყველაფერი კი მოჰყვა უოკინგელთა მიერ „ფერარის“ კუთვნილი ტექნიკური დოკუმენტაციის მოპარვას.

0.119838