ფეხბურთი

18:10 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე რამოსის შესახებ: "გუნდისთვის უკეთესზე უნდა ვიფიქრო, ის მზად არ იყო"

ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სერხიო რამოსის გარეშე ითამაშებს. ლუის ენრიკემ "ფურია როხას" კაპიტანი განაცხადს მიღმა დატოვა და ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარიც გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, სერხიო რამოსს უბრალოდ არ შეეძლო ვარჯიში ან თამაში და რთული გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო:

"ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. რამოსს იანვრის შემდეგ პრაქტიკულად არ უთამაშია და მასთან გუშინ ტელეფონით ვისაუბრე. ვურჩიე, რომ ეგოისტი იყო და იფიქროს თავის გამოჯანმრთელებაზე. მე ესპანეთისთვის საუკეთესოზე უნდა ვიფიქრო, მას არ შეეძლო ვარჯიში ან თამაში", - თქვა ლუის ენრიკემ.

სოციალურ ქსელში პოსტი თვითონ მადრიდის რეალის ვარსკვლავმაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის ევრო 2020-ს მიღმა დარჩენა მტკივნეულია, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად და დასვენებისთვის უფრო მეტი დრო ექნება.

"რამდენიმე სამწუხარო თვეს და უცნაურ სეზონს დაემატა ევროპის ჩემპიონატი. ვიბრძოდი, ყოველდღე ვმუშაობდი იმისთვის, რომ 100%-ით შემძლებოდა თამაში მადრიდის რეალსა და ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. მტკივნეულია, რომ ევრო 2020-ზე ჩემს გუნდს ვერ დავეხმარები, მაგრამ არსებულ ვითარებაში უკეთესად დავისვენებ, სრულად გამოვჯანმრთელდები და მომავალი სეზონისთვის მზად ვიქნები. მტკივნეულია, რომ არ შემიძლია ჩემი ქვეყნის წარმოდგენა, მაგრამ უნდა ვიყოთ პატიოსანი და გულწრფელი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს და იმედი მაქვს, რომ ესპანეთის ნაკრებისთვის დიდებული ევროპის ჩემპიონატი იქნება", - დაწერა სერხიომ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები დიდ საფეხბურთო ტურნირზე სერხიო რამოსის გარეშე 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. პირინელები ჯგუფში სლოვაკეთს, პოლონეთსა და შვედეთს დაუპირისპირდებიან.

0.119383