სხვა

3:16 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მე-15 ეტაპი ბელგიელმა ვიქტორ კამპენაერტსმა მოიგო

ჯირო დ’იტალიას მე-15 ეტაპი, რომელზეც რბოლის მონაწილეებმა სლოვენიის გზებზე იარეს, გამარჯვება ბელგიელმა ვიქტორ კამპენაერტსმა მოიპოვა. კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა კი ლიდერობა და მალია როსა შეინარჩუნა. რბოლის დროს დიდი შეჯახება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ველომრბოლი დაზარალდა.

კამპენაერტსმა (ქუბეკა ასოსი) ფინიშის სწორზე გამართულ სპრინტში, უკან მოიტოვა ჰოლანდიელი ოსკარ რისებეეკი (ალპესინ-ფენიქსი) და კარიერაში პირველად მოიგო ველომარათონის ეტაპი.

„მომდევნო სამთო ეტაპებისთვის, გუნდში შესაბამისი მრბოლები არ გვყავს და ამიტომ, დღეს გარისკვა გადავწყვიტეთ. ჯიროზე უკვე სამი გამარჯვება დაგვიგროვდა, რაც უბრალოდ, ფანტასტიურია. ჩვენი მიზანი ისაა, რომ აფრიკაში ველოსიპედს პოპულარიზაცია გავუწიოთ, რათა იქაურთა ცხოვრება გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა კამპენაერტსმა.

ბელგიელმა და ჰოლანდიელმა ველომრბოლებმა შეტევა ბოლო აღმართზე დაიწყეს, რა დროსაც ძლიერ წვიმდა. მათ შეტევას რამდენიმე მეტოქემ უპასუხა, რამაც პელოტონი გაწელა. საბოლოოს, მათ ხაზი თითქმის ერთდროულად გადაკვეთეს, 7-წამიანი ჩამორჩენით, მესამე ადგილი გერმანელმა ნიკიას არნდტმა (ტიმ DSM) დაიკავა.

„კარგი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან, შესაძლოა, ჩემი კარიერის საუკეთესო შანსი. მე შეცდომა დავუშვი, ან იქნებ, ის იყო მეტისმეტად ძლიერი. ამ მომენტში ძალიან გაწბილებული ვარ“, - განაცხადა რისებეეკმა.

ბერნალმა (ინეოს გრენადერსი) ფინიშს ძირითად ჯგუფთან ერთად მიაღწია და გამარჯვებულებს 17 წუთზე მეტით ჩამორჩა. რაც მთავარია, უახლოეს მდევართან, ბრიტანელ საიმონ იეიტსთან კვლავ წუთსა და 33 წამს იგებს.

მე-16 ეტაპი მიმდინარე ჯიროზე ურთულესია. რბოლის მონაწილეებს სამი რთული აღმრთის გავლა მოუწევთ, რომელთა საერთო სიგრძე, 6 000 მეტრია. ფინიში კი დაღმართზე, სამთო კურორტ კორტინა დ’ამპეცოშია. უღელტეხილ პორდოის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 239 მეტრზეა და ეს წლევანდელი ჯიროს უმაღლესი წერტილია.

0.124642