ფეხბურთი

2:08 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა! ოთხეულში "იუვენტუსიც" შევიდა

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონი დასრულდა და ყველაფერი გაირკვა. "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, დიდი ხნის შემდეგ, "როსონერის" ხომ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ბოლო 7 სეზონი არ უთამაშია!

"მილანს" ბოლო ტურში ბერგამოში "ატალანტასთან" უნდა მოეგო, რაც რთული ამოცანა იყო, მაგრამ არა შეუძლებელი და შეძლო. ყველაფერი ფრანკ კესიმ გადაწყვიტა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით გახსნა ანგარიში და მატჩის მიწურულს კიდევ ერთი პენალტით დუბლი გაიფორმა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "როსონერიმ" ძალიან კარგად, ორგანიზებულად ითამაშა და მეტოქისთვის შანსი პრაქტიკულად არ მიუცია.

სტეფანო პიოლიმ შესანიშნავად იმუშავა გუნდი იქ დაბრუნდა, სადაც თამაშს 2014 წლის თებერვლიდან ვერ ახერხებდა. სხვათა შორის, ლომბარდიულმა გრანდმა სტუმრად 16 თამაში მოიგო, რაც ტოპჩემპიონატების რეკორდია. სეზონში ამაზე მეტი გასვლითი თამაში არავის მოუგია, მხოლოდ "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" აქვთ იგივე შედეგი, მაგრამ არა უკეთესი.

"მილანმა" 79 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ზოგადად, სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვე იყო, რადგან მაგალითად, მეხუთე ადგილს კლუბი მხოლოდ 2 ქულით დასცილდა, ასე რომ, სეზონის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე დაკარგული თუ მოპოვებული ქულა უფრო მეტად დაფასდა.

ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა "იუვენტუსიც", რომელიც საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული. ანდრეა პირლოს გუნდი ბოლონიაში ჩავიდა, სადაც ძალიან ლაღად და ადვილად აჯობა სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს - 4:1. ტურინელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი მთლიანად პარალელურ შედეგებზე იყვნენ დამოკიდებულნი. კერძოდ, "მილანის" და "ნაპოლის" თამაშებზე.

"მილანმა" მოიგო, მაგრამ ვერ მოიგო "ნაპოლიმ", რომელიც შინ "ვერონას" ხვდებოდა და აშკარა ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ ფეხი დაუცდა. რაჰმანის გოლით ნეაპოლიტანელები დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ფარაონისგან გოლი გაუშვეს და ფრე, რამაც "ნაპოლი" ოთხეულს მიღმა დატოვა. "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა ტელეფონით გაიგეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, რადგან ბოლო წუთებში "ნაპოლის" თამაშს სწორედ ასე უცქერდნენ და მერე გაიხარეს. ბოლო ტურში სკუდეტო ჩაიბარა "ინტერმაც", რომელიც 3 კვირის წინ გაჩემპიონდა, მაგრამ თასი ახლა აღმართა. ეს "უდინეზესთან" 5:1 მოგებულ მატჩში მოხდა და მერე "ნერაძურის" ტიფოზები ქალაქში ზეიმობდნენ.

სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა 29 გოლით კარიერაში პირველად და ახლა ეს ინდივიდუალური ჯილდოც ჩაიბარა. "ინტერი", "მილანი", "ატალანტა" და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, "ნაპოლი" და "ლაციო" ევროპა ლიგაზე, ხოლო "რომას" კონფერენს ლიგის საგზური ერგო.

ახლა სერია A აგვისტომდე და ახალ სეზონამდე დაგვემშვიდობა და ჯერი ევროპის ჩემპიონატზე მიდგება, რომელიც სტარტს სწორედ იტალიის დედაქალაქიდან, რომიდან, 11 ივნისს, იტალია - თურქეთის მატჩით აიღებს.

"ინტერი" - "უდინეზე" 5:1

გოლები: 1:0 იანგი (8), 2:0 ერიკსენი (44), 3:0 ლაუტარო მარტინესი (55, პენ), 4:0 პერიშიჩი (64), 5:0 ლუკაკუ (71), 5:1 პერეირა (79, პენ)

"სასუოლო" - "ლაციო" 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კირიაკოპულოსი (10), 2:0 ბერარდი (78, პენ)

"ატალანტა" - "მილანი" 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (43, პენ), 0:2 კესი (90, პენ)

"ნაპოლი" - "ვერონა" 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 რაჰმანი (61), 1:1 ფარაონი (69)

"სპეცია" - "რომა" 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ვერდე (6), 2:0 პობეგა (38), 2:1 ელ შაარავი (52), 2:2 მხითარიანი (85)

"ტორინო" - "ბენევენტო" 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბრემერი (29), 1:1 ტელო (72)

"ბოლონია" - "იუვენტუსი" 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 კიეზა (6), 0:2 მორატა (29), 0:3 რაბიო (45), 0:4 მორატა (47), 1:4 ორსოლინი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.284643