ჩოგბურთი

1:35 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანოს ციციპასმა ლიონის ტურნირი მოიგო

ბერძენი სტეფანოს ციციპასის გამარჯვებით დასრულდა ლიონის ღია პირველობა, რომლის ფინალშიც, მან ბრიტანელ კამერონ ნორიეს 6-3, 6-3 მოუგო. ეს ციციპასისთვის ATP-ს ტურზე მოპოვებული მეშვიდე ტიტულია. ციციპასს მიმდინარე სეზონში, მამაკაცთა ტურზე ყველაზე მეტი, 33 თამაში აქვს მოგებული.

ციციპასმა მეტოქის მოწოდებაზე არადამაჯერებელი თამაშით კარგად ისარგებლა. ბერძენმა ორივე სეტში ბრეიკებს სწორედ ნორიეს შეცდომების წყალობით მიაღწია. და საბოლოო გამარჯვებისთვის, საათი და ხუთი წუთი იმყოფინა. ნორიემ კი ამ სეზონში მეორე ფინალი წააგო.

25 წლის ბრიტანელმა პირველი ფინალი ეშტორილის ტურნირზე დათმო. ლიონში ფინალის წაგების მიუხედავად, ეს ტურნირი მისთვის მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მეორე წრეში, პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ თიმი დაამარცხა. ეს მის კარიერაში ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა.

„ვიცოდი, რომ კამერონთან რთული შეხვედრა მელოდა, რადგან მან ეს ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა. მან კარგ ჩოგბურთელებს მოუგო და ყველას დაგვანახა, რა შეუძლია მის მარცხენა ხელს თიხის კორტზე. იოლი შეხვედრა მართლაც არ იყო. ნერვების მოთოკვა დამჭირდა. ვამაყობ იმით, როგორც ვითამაშე და როგორ მივაღწიე საწადელს“, - განაცხადა 22 წლის ციციპასმა, ვინც ტურნირის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

საფრანგეთის ღია პირველობა ორშაბათს დაიწყება.

0.141555