ავტოსპორტი

23:20 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა მონაკოში გაიმარჯვა და ლიდერობაც გადაიბარა

მაქს ფერსტაპენმა მონაკოს დიდი პრიზი მოიგო და თავის კარიერაში პირველად, ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა ლუის ჰამილტონი, რომელმაც ერთი დამატებითი ქულა, უსწრაფესი წრისთვის დაიმსახურა. მონაკოს რბოლის შემდეგ, ყოფილი ლიდერი ახალს 4 ქულით ჩამორჩება.

ფერსტაპენმა შარლ ლეკლერის უიღბლობით ისარგებლა - პოულის მფლობელი მონაკოელი სტარტზეც ვერ დადგა. ტრასაზე გამოსვლის წინ, მის მანქანას მექანიკური დაზიანება აღმოაჩნდა, რომლის აღმოფხვრაც, რბოლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა.

არც ვალტერი ბოტასს გაუმართლა - პიტ სტოპზე შესულს, წინა მარჯვენა ბორბალი ვერ გამოუცვალეს. ქანჩი გაიჭედა. ფინელი პილოტი იძულებული გახდა, მანქანა დაეტოვებინა. ჰამილტონმა კი ორი პოზიცია, ადრეული პიტ სტოპის გამო დაკარგა. მოკლედ, „მერსედესმა“ რაც აქამდე აგროვა (რედ ბულთან უპირატესობა), ერთ რბოლაში დაკარგა.

„არ მესმის ბიჭებო, მე საბურავებს ვუფრთხილდებოდი, რომ რაც შეიძლება მეტხანს გაეძლო, მაგრამ ჩვენ სხვებზე ადრე გავჩერდით“, - უკმაყოფილებას არ მალავდა ჰამილტონი, ვინც ადრეული პიტ სტოპის გამო დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნა.

ფერსტაპენი კი მთელი რბოლის განმავლობაში შეუდარებელი იყო. მან კარგად გამოიყენა ლეკლერის უიღბლობა, სტარტზე არც ბოტასს მისცა დაწინაურების საშუალება და მთელი რბოლაც პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა.

„აქ გამარჯვება განსაკუთრებულია. ამასთან, მონაკოში კვარცხლბეკზე პირველად ვარ. აქ ბევრი წრის გავლა გიწევს და მუდმივად ყურადღებით უნდა იყო. წინასწარ ვერასდროს იტყვი, თუ რა მოხდება. ამ გამარჯვებით ძალიან ვამაყობ. მაგრამ წინ გრძელი სეზონი გვაქვს და ერთი მოგებით ვერაფერს მიაღწევ“, - ამბობს ფერსტაპენი.

მონაკოს დიდი პრიზი

მონაკო, დისტანცია 260.286 კმ (3.337 კმ, 78 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:38'56.820
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 8.968
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 19.427
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 20.490
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 52.591
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 53.896
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'08.231
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  10. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 3 წრე
  19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 49 წრე
  20. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 78 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:12.909 (69-ე წრე, 164.769 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 105 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 101; 3. ლანდო ნორისი - 56; 4. ვალტერი ბოტასი - 47; 5. სერხიო პერესი - 44; 6. შარლ ლეკლერი - 40; 7. კარლოს საინსი - 38; 8. დანიელ რიკარდო - 24; 9. პიერ გასლი - 16; 10. ესტებან ოკონი - 12; 11. სებასტიან ფეტელი - 10; 12. ლანს სტროლი - 9; 13. ფერნანდო ალონსო - 5; 14. იუკი ცუნოდა - 2; 15. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 16-20. კიმი რაიკონენი, ჯორჯ რასელი, ნიკოლას ლატიფი, მიკ შუმახერი, ნიკიტა მაზეპინი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბულ-ჰონდა - 149 ქულა; 2. მერსედესი - 148; 3. მაკლარენ-მერსედესი - 80; 4. ფერარი - 78; 5. ასტონ მარტინ-მერსედესი - 19; 6. ალფატაური-ჰონდა - 18; 7. ალპინ-რენო - 17; 8. ალფა რომეო-ფერარი - 1; 9. უილიამს-მერსედესი და ჰაას-ფერარი - 0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178444