იტალიელმა ლორენცო ფორტუნატომ, ჯირო დ’იტალიას ურთულესი, ზონკოლანის სამთო ეტაპი სოლო გარღვევით მოიგო, მარათონის კოლუმბიელმა ლიდერმა ეგან ბერნალმა კი უპირატესობა განიმტკიცა.
ფორტუნატომ, ვინც რბოლაში უაილდ ქარდით მონაწილე გუნდ „ეოლო-კომეტას“ წევრია, ფინიშამდე 2 კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა, ფინიშთან 26 წამით მიასწრო სლოვენიელ იან ტრატნკს (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და პროფესიონალურ კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი იტალიელმ ალესანდრო კოვიმ (UAE ტიმ ემირატსი) დაიკავა.
„სრულად ჯერაც ვერ გამიცნობიერებია, თუ რა შევძელი. დილიდან კარგ განწყობაზე ვიყავი და მინდოდა, რომ ყველა უკან მომეტოვებინა. ბოლო 3 კილომეტრი ძალიან რთული იყო. ამიტომ, ზონკოლანის ფინალურ მონაკვეთამდე დავიცადე. მერე კი ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო“, - ყვება 25 წლის ფორტუნატო, ვინც პროფესიონალურ ტურზე უკვე რვა წელი ასპარეზობს.
ზონკოლანო ველომრბოლებს თოვლით და ნისლით დახვდა. ფორტუნატომ და ტრატნიკმა მას ერთად მიაღწიეს, მაგრამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, იტალიელმა შეუტია, რაზეც მეტოქემ ვერ უპასუხა.
ბერნალმა (ინეოს გრენადერსი) თავისი რბოლა მოიგო. მან ჯერ ბრიტანელი საიმონ იეიტსის (ტიმ ბაიკექსჩეინჯ) შეტევას უპასუხა და როცა შეატყო, რომ მეტოქეს ძალა გამოელია, თავად აუჩქარა ფეხს. საბოლოოდ, მან ფინიშს მეოთხემ მიაღწია და 14 ეტაპის შემდეგ, უკვე წუთსა და 33 წამს უგებს მეორეზე გადასულ იეიტსს.
„როცა ზონკოლანს შევუდექით, ვცდილობდი სიმშვიდ შემენარჩუნებინა. ვიცოდი, რომ კლასიფიკაციაში კარგ პოზიციაში ვიყავი და პირველს შეტევის დაწყება მჭირდებოდა. როცა საიმონ იეიტსმა შეტევა დაიწყო, მას მივყევი. შემდეგ კი ფინიშთან ახლოს, ტემპს უფრო ვუმატე. ვფიქრობ, კარგი რბოლა მქონდა. ახლა ლიდერობა განვიმტკიცე და კარგი იქნება, თუ ყურადღებით ვიქნები. ჯიროზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს“, - განაცხადა ტურ დე ფრანსის ყოფილმა ჩემპიონმა.
წელს ჯიროს მონაწილეები ზონკოლანზე ყველაზე იოლი მხრიდან ავიდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, რბოლა მაინც ურთულესი იყო. ბოლო სამ კილომეტრზე, დახრა ხშირად 20 პროცენტს სჭარბობდა. ყველაზე მკვეთრი დახრა კი 27 პროცენტი(!) იყო.
რაც შეეხება გუნდ „ეოლო-კომეტას“, მისი თანამფლობელები, სახელოვანი ველომრბოლები, იტალიელი ივან ბასო და ესპანელი ალბერტო კონტადორი არიან, რომლებსაც იტალიური ველომარათონი ორ-ორჯერ აქვთ მოგებული. კონტადორს პირობა აქვს დადებული, რომ თუ მისი გუნდის რომელიმე წევრი, მიმდინარე ჯიროს (რომელიც გუნდისთვის სადებიუტოა) ერთ ეტაპს მაინც მოიგებს, ის მადრიდიდან მილანში ველოსიპედით ჩავა. ეტაპის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა, რომ პირობას შეასრულებს.
მე-15 ეტაპზე ჯიროს მონაწილეები სლოვენიას ეწვევიან. რბოლის დროს, მეოთხე კატეგორიის მთა გორნიე ჩეროვო ოთხჯერ იქნება გასავლელი. სულ კი მარშრუტის სიგრძე 147 კილომეტრია.