ავტოსპორტი

23:47 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა ფერარი პოულზე დააბრუნა

მონაკოელმა შარლ ლეკლერმა, „ფერარის“ 2019 წლის შემდეგ პირველი პოულ პოზიცია მოუპოვა. და ეს მის შინაურ მონაკოში შეძლო. საუკეთესო დროის დაფიქსირებიდან რამდენიმე წამში კი მანქანა დაამტვრია. ეს მაშინ მოხდა, როცა კვალიფიკაციის დასრულებამდე წამებიღა იყო.

ავარიის გამო, ტრასაზე წითელი შუქები აინთო და დანარჩენები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ბოლო სწრაფი წრეები შეეწყვიტათ. ბოლო სწრაფი წრე ვერც მაქს ფერსტაპენმა დაასრულა, ვისაც ლეკლერის დროის გაუმჯობესების შანსი ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.

ლეკლერმა პოული კი მოიგო, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მოწინავე პოზიცია დათმოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შესაცვლელი იქნება. „ფერარი“ ეჭვობს, რომ შესაძლოა ასეც მოხდეს. თუმცა მარანელოელთათვის მთავარი ისაა, რომ მათმა პილოტმა კვალიფიკაციაში გამრჯვება შეძლო.

„ჯარიმის შიში მაქვს. საერთოდ, აქ არ მიმართლებს ხოლმე. ვნახოთ, რა იქნება. საწყენია, რომ ასე დავამთავრე. გამარჯვება გამიუფერულდა, მაგრამ ჩემი სწრაფი წრით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ლეკლერმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მერვე პოულ პოზიციაა. აქამდე ბოლო კვალიფიკაცია ლეკლერმა მექსიკის 2019 წლის დიდ პრიზზე მოიგო.

ცნობისათვის, ბოლო მონაკოელი მრბოლი, ვინც საშინაო რბოლაში გაიმარჯვა, ლუი შირონია, რომელმაც ეს შორეულ 1931 წელს შეძლო.

რაც შეეხება „მერსედსის“ პილოტებს, ვალტერი ბოტასმა მესამე ადგილი დაიკავა, ლუის ჰამილტონი კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა. მონაკოს რბოლის წინ, ჰამილტონი მეორეზე მყოფ ფერსტაპენს 14 ქულას უგებს.

მონაკოს დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'10.346
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.230
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.255
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.265
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.274
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.554
  7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.749
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.073
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.227
  10. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.433
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.140
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.252
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.254
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.296
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.484
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.750
  17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.859
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.020
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.612
  20. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) -
0.549132