სხვა

2:02 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიცოლომ მე-13 ეტაპი მოიგო, ბერნალი ისევ ლიდერია

ევროპის ჩემპიონმა ჯაკომო ნიცოლომ ჯირო დ’იტალიაზე პირველად მოიგო ეტაპი. „ქუბეკას“ იტალიელმა მრბოლმა ეს 198-კილომეტრიან მე-13 ეტაპზე, საფინიშო სპურტით შეძლო. მალია როსა კი კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა შეინარჩუნა.

ნიცოლოს ჯიროზე ქულების კლასიფიკაცია ორჯერ (2015 და 2016 წლებში) ისე აქვს მოგებული, რომ ერთ ეტაპზეც არ გაუმარჯვია. ეს ნაკლი სწორედ მიმდინარე მარათონის მე-13 ეტაპზე გამოასწორა, რომლის ფინიშზეც იტალიელ ედოარდო აფინის (ჯუმბო-ვისმა) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, სლოვაკ პეტერ შაგანს (ბორა-ჰანსგრო) აჯობა.

ბოლო 300 მეტრი რომ დაიწყო, აფინი დაწინაურდა და თითქოს, მოგების ყველაზე მეტი შანსიც მას ჰქონდა. მაგრამ ნიცოლო ბოლომდე მიჰყვა და ფინიშამდე რამდენიმე მეტრით ადრე გადაასწრო.

„ბოლოს და ბოლოს, ჯიროზე ეტაპიც მოვიგე. დღეს გადავწყვიტე, რომ გრძელი სპრინტით მეცადა ბედი. ვარჩიე გამერისკა და შეტევა ადრე დამეწყო, ვიდრე სხვების აჩქარებას დავლოდებოდი და იმის შანსიც მქონდა, რომ ვინმე გზას გადამიღობავდა. ჩემმა არჩევანმა გაამართლა. ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა ნიცოლომ, ვისაც ჯიროს ეტაპებზე, 11-ჯერ მეორე ადგილი აქვს დაკავებული.

ბერნალმა (ინეოს გრენადერსი) რბოლა პელოტონთან ერთად დაასრულა და კლასიფიკაციაში 45-წამიანი ლიდერობა შეინარჩუნა. „როგორც იქნა, ადვილი რბოლაც გვქონდა. ხვალ თუ ზონკოლანზე მოვიგებ, ეს განსაკუთრებული გამარჯვება იქნება. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი პელოტონი ვაკონტროლოთ. ამიტომ, იმითაც კმაყოფილი დავრჩები, თუ მალია როსას შევინარჩუნებ“, - განაცხადა ბერნალმა.

მე-14 ეტაპზე, ველომრბოლებს ჩიტადელადან, ლეგენდარულ მთა მონტე ზონკოლანამდე 205 კილომეტრის გავლა უწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134556