ჩოგბურთი

22:50 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: "როლან გაროსი ჩემი მიზანი არაა“

მსოფლიოს ნომერ მერვე ჩოგბურთელს როჯერ ფედერერს გრუნტის საფარზე დაბრუნება წარმატებული არ გამოუვიდა და ჟენევის ტურნირის მეორე წრეში პაბლო ანდუხართან წააგო. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელის წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშით და შედეგით უკმაყოფილო იყო.

"კორტზე დაბრუნება კარგი იყო, მაგრამ როდესაც ასეთ მატჩს აგებ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და კარგი გრძნობა არ გეუფლება. ჟენევაში თამაშს მოუთმენლად ველოდებოდი, მაგრამ ეს პრესკონფერენციაა, სადაც უნდა ავხსნა რას ვგრძნობ წაგების შემდეგ, ეს კი ახსნის კარგი საშუალება არაა. მიუხედავად წაგებისა, მქონდა კარგი მომენტები, რომლითაც მაყურებლებმა ისიამოვნეს და ასევე ველოდებოდი, რომ კორტზე დაბრუნება გრძელვადიანი იქნებოდა და თამაშებს მოვიგებდი. რა თქმა უნდა, კორტზე გამოსვლა დადებითი მომენტია, მაგრამ ჩემი თავისგან უფრო მეტს ველოდები. ვიგრძენი, რომ ვარჯიშზე უფრო კარგად ვთამაშობდი, ვიდრე ამ მატჩის დროს. თუმცა როგორც ვიცით ეს ორი სიტუაცია ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.“ - ციტირებს atptour.com-ი როჯერის სიტყვებს.

ფედერერმა ასევე აღნიშნა, რომ მესამე სეტში კონცენტრაცია დაკარგა, რაც ძვირად დაუჯდა. როჯერს შანსები ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში ესპანელმა უფრო სტაბილურად და უშეცდომოდ ითამაშა და მოიგო.

“რა თქმა უნდა, 4:2-ზე მესამე სეტში ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თავი კარგად ვგრძნობდი და ამიტოპმაც დაიწყო ჩავარდენი თამაშში და 10 წუთში ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ კი ვიცით ჩოგბურთი როგორია და ზოგჯერ ძალიან მარტივადაა ხოლმე საქმე, თუმცა ამჯერად მატჩის ასეთი დასასრული არ დავიმსახურე და ჩემი თამაში სწორად არ წარიმართა. გვიან მივხვდი, რომ საქმე რთულდებოდა. 4:3-ზე და ბრეიკზე ბევრი მომენტი გავაფუჭე, არა და შანსები აშკარა იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ მეტოქემ კარგად ითამაშა და მის ტემპს ვერ ავყევი.“

2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ როჯერ ფედერერისთვის ეს ტურნირი მეორე იყო. მან გასულ წელს ორი ოპერაცია გაიკეთა მუხლზე. ასევე, მარტში დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა შვეიცარიელი, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა. მსოფლიოს ნომერ მერვე ნომერი აღიარებს რომ გრუნტის საფარზე მაღალ შედეგებს არ ელოდება.

„როლან გაროსი ჩემი მიზანი არაა. მიზანი ბალახზე თამაშია, ასე რომ ჯერ დრო კიდევ მაქვს. ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვისურვებდი, რომ აქ დავრჩე და რამდენიმე მატჩი ჩავატარო ჩოგბურთელებთან, რადგან აქ კარგი ატმოსფეროა და მათაც ჩემი დანახვა უხარიათ. კორტზე ცოტა შებოჭილი ვიყავი, რადგან თამაშის გარდა აქაურობის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და ამ ფიქრებმა გაართულა ყველაფერი. ცხადია, მეტი თამაშის ჩატარებას ვისურვებდი, თუმცა რეალობა ესაა, რაც მივიღე და ამას უნდა დავჯერდე.“ - აღნიშნა ფედერერმა.

0.123251