უნგრეთში მიმდინარე, მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ადგილობრივმა კრიშტოფ მილაკმა 200 მეტრზე ბატერფლაიში, ყველა დროის მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მის ზოლში დრო წუთსა და 51.10 წამზე გაჩერდა, რაც მხოლოდ მის მიერვე, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებულ მსოფლიო რეკორდს (1:50.73) ჩამორჩება.
მილასკმა სამ წამზე მეტით აჯობა იტალიელ ფედერიკო ბურდიზოს, ვინც ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ მილაკს ამ დისტანციაზე, ყველა დროის 10 საუკეთესო დროიდან, ხუთი ეკუთვნის.
თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა უნგრელმა, 35 წლის ლასლო ჩეჰმა, ვინც ცურვის ისტორიაში პირველია, ევროპის 10 ჩემპიონატზე რომ იასპარეზა. ვეტერანმა მოცურავემ, 200 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში, ფინალის საგზური მოიპოვა.
კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი რუსმა კლიმენტ კოლესნიკოვმა. მან ამჯერად 100 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიპოვა ოქროს მედალი. წინა დღეს მან 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 100 მეტრზე თავისუფალში გამარჯვებიდან 10 წუთის შემდეგ, კოლესნიკოვმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაშიც იასპარეზა, მაგრამ ფინიშთან სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამის გამო, მისი დაჯილდოების ცერემონია მოგვიანებით გაიმართა.
მომხდარის მიუხედავად, კოლესნიკოვმა დაადასტურა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე თავისუფალსა და 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ასპარეზობას გეგმავს.