სხვა

22:35 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენდრამეს პირველი გამარჯვება ჯიროზე

ჯირო დ’იტალიას მე-12 ეტაპი, იტალიელმა ანდრეა ვენდრამემ მოიგო, ვინც ბოლო აღმართზე შეძლო მდევრების ჩამოტოვება და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. რბოლის ლიდერმა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა კი უპირატესობა იოლად შეინარჩუნა.

რბოლის დასაწყისში, პელოტონს 16-კაციანი ჯგუფი გამოეყო. მოგვიანებით, ეს ჯგუფი ოთხმა მრბოლმა ჩამოიტოვა, რომელთა შორისაც, ვენდრამეც (AGR2 სიტროენი) იყო. ბოლო აღმართზე მან გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო, რაზეც მხოლოდ ავსტრალიელი კრის ჰამილტონი (ტიმ DSM) გაჰყვა. საბოლოოდ, იტალიელმა უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე შეძლო. მესამე ადგილი ახალზელანდიელმა ჯორჯ ბენეტმა (ჯუმბო-ვისმა) დაიკავა.

ეს იყო პირველი ეტაპი, რომლის სიგრძეც 200 კილომეტრზე მეტია. მიმდინარე ჯიროზე ასეთი სულ ოთხი რბოლაა. ბერნალმა და მისმა „ინეოს გრენადერსმა“ რბოლის დიდი ნაწილი, ძირითადი ჯგუფის სათავეში გაატარეს. თუმცა ბოლოს ჯიროს ყოფილ ჩემპიონს, იტალიელ ვინჩენცო ნიბალის (ტრეკ-სეგაფრედო) შეტევის საშუალება მისცეს.

საბოლოოდ, ნიბალი ფინიშთან მე-15 მივიდა და გამარჯვებულს 10 წუთით და 7 წამით ჩამორჩა. ბერნალს კი მხოლოდ 7 წამი მოუგო. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლასიფიკაციაში ოთხი ადგილით წინ წაწეულიყო. ის ბერნალს 4 წუთით და 4 წამით ჩამორჩება.

მე-13 ეტაპზე რბოლის მონაწილეებს რავენადან ვერონამდე 198 კილომეტრი ექნებათ გასავლელი.

0.139512