ჯირო დ’იტალიას მე-11 ეტაპი ველომარათონის შვეიცარიელი ახალბედას, მაურო შმიდის გამარჯვებით დასრულდა, კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა კი ლიდერობა განიმტკიცა და ახლა უკვე 45 წამს უგებს უახლოეს მდევარს.
21 წლის შმიდმა (ტიმ ქუბეკა) რბოლის დასაწყისშივე შეძლო დაწინაურება და ალესანდრო კოვისთან (UAE ტიმ ემირატსი) პაექრობაში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რბოლა მესამემ დაასრულა ბელგიელმა ჰარმ ვანჰუკემ (ლოტო-სუდალი).
ბერნალმა და მისმა „ინეოს გრენადერსმა“ რბოლა ტაქტიკურად წარმართეს და პერუჯადან მონტალჩინომდე 162-კილომეტრიანი დისტანციის მეტი წილი, პელოტონის სათავეში გაატარეს. ტუსკანაში გამავალი გზის უმეტესი ნაწილი გრუნტიანი იყო და მასზე გავლისას, მტვერი დგებოდა, რაც მრბოლებს საქმეს ურთულებდა.
რთულმა გზამ არაერთ ფავორიტს დრო დააკარგვინა. ბერნალმა კი ბოლო აღმართზე შეძლო დაწინაურება, რამაც ლიდერობის განმტკიცების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, მისმა უახლოესმა მდევარმა, ბელგიელმა რემკო ევენპოლმა ბევრი დრო დაკარგა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
„დღეს ძალიან რთული რბოლა გვქონდა. ჩვენ ველოდით, რომ ბევრი დროს დაკარგავდა და ასეც მოხდა. კლასიფიკაციაში ლიდერთა შორის მყოფი რამდენიმე მრბოლი ჩამოგვრჩა. მიხარია, რომ პელოტონს ფინიშამდე მივასწარი. ახლა მთავარია, რომ მომდევნო ეტაპებზეც ყურადღებით ვიყოთ“, - განაცხადა ბერნალმა.
მე-12 ეტაპზე რბოლის მონაწილეებს სიენადან ბანიო დი რომანიამდე, 212 კილომეტრის გავლა მოუწევთ.







