ჭიდაობა

21:10 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

U23: თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა მოჭიდავემ სკოპიეში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოთხი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო.

მან ფინალში სომეხი რაზმიკ პაპიკიანი 6:1 დაჯაბნა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვანიშვილმა ფინალამდე გერმანელი ნიკო მეგერლე (4:0), მოლდოველი ლეომიდ კოლესნიჩი (10:0) და ბულგარეთის წარმომადგენელი რუჰან ჰიუსნიუ რასიმი (11:0) დაამარცხა.

დღესვე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), რომელიც ნახევარფინალამდე წაუგებლად მივიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გამყრელიძემ აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვს 3:1 სძლია და მედალს დაეპატრონა. 92 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთან ახლოს იყო მირიან მაისურაძე, მაგრამ მედლისთვის შეხვედრა მოლდოველ გეორგ ერჰანთან დაძაბულ ბრძოლაში 8:9 წააგო.

შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედალი რამაზ თურმანიძემ (57 კგ) მოიპოვა. ამრიგად, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.06328