ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა - ლონდონის „ჩელსიმ“ „ლესტერ სიტის“ უმასპინძლა.
სამი დღის წინ „მელიებმა“ ინგლისის ასოციაციის თასი ისტორიაში პირველად მოიგეს და ფინალში სწორედ „ჩელსის“ მოუგეს (1:0), ბრენდან როჯერსის გუნდს ახლაც რომ მოეგო, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ინაღდებდა, მაგრამ „ჩელსის“ ზედიზედ ორჯერ დამარცხება 3-დღიან ინტერვალში იოლი როდია...
პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევარში ტომას ტუხელის გუნდმა ანტონიო რუდიგერისა და ჟორჟინიოს გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მართალია, კელეჩი იენაჩომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ლონდონელებმა მაინც იმარჯვეს.
შედეგად, „ჩელსი“ ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან, 67 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ლესტერი“ 66 ქულით მეოთხეა და „ლივერპულს“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და ბოლო ტურში „ტოტენჰემთან“ მძიმე შეხვედრა აქვს, „ლივერპულის“ დარჩენილი ორი თამაში კი ქაღალდზე გაცილებით მარტივია.
აქვე ვთქვათ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრაიტონთან“ წააგო. არადა, პეპ გვარდიოლას მოქმედი ჩემპიონი გუნდი ილქაი გიუნდოგანისა და ფილ ფოდენის გოლებით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა და წააგო. აღსანიშნავია, რომ „სიტი“ მე-10 წუთიდან მოყოლებული ჟოაო კანსელუს გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. ცხადია, ამ თამაშს სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რადგან „სიტი“ ჩემპიონია, „ბრაიტონს“ კი პრემიერლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვს.
„ბრაიტონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (0:1)
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (2), 0:2 ფოდენი (48), 1:2 ტროსარი (50), 2:2 ვებსტერი (72), 3:2 ბუმი (76)
„ჩელსი“ – „ლესტერი“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 რუდიგერი (47), 2:0 ჟორჟინიო (66, პენ), 2:1 იენაჩო (76)