ძიუდო

17:33 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ შეკრება, შემდეგ გრან სლემი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2014 წლის სეზონს 5-7 დეკემბერს, ტოკიოში გასამართი უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირით გრან სლემით დაასრულებს. ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წინასწარი გეგმით, შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ქართველ სპორტსმენებს იაპონიაში ადგილობრივი ნაკრების წევრებთან ერთად უნდა გაევლოთ ერთობლივი შეკრება, მაგრამ სპეციალისტებმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს და ნაკრები აზიურ შეკრებას გრან სლემის დაწყებამდე გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აცნობა.

- 20 დეკემბერს ჰოლანდიაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. შეჯიბრებაში ორი ქართული კლუბიც ჩაერთვება და მოსამზადებელ პროგრამაში კორექტივები სწორედ ამის გამო შევიტანეთ. იაპონიაში 15 ნოემბერს გავემგზავრებით და გრან სლემამდე სამკვირიან შეკრებას გავივლით.

- რამდენი სპორტსმენით მიემგზავრებით?

- 9-კაციანი შემადგენლობა დავასახელეთ. აქედან ორი უკვე იაპონიაშია – ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) უკვე თვეზე მეტია, მწვრთნელ დავით ასუმბანის ზედამხედველობით ტოკიოში ვარჯიშობენ.

- სრული შემადგენლობა როგორია?

- ჭრიკიშვილის და ლიპარტელიანის გარდა აზიურ შეკრებაში მონაწილეობას ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) მიიღებენ. ამ განაცხადს დაემატება რამდენიმე სპორტსმენი, რომლებიც იაპონიაში თავიანთი ხარჯით წამოვლენ.

- რომელი სპორტსმენები?

- ამ ეტაპზე ბექა შავდათუაშვილისა და გიორგი გუგულაშვილის (ორივე 66 კგ) ამბავია გადაწყვეტილი. რამდენიმე ძიუდოისტის შესახებ კი დაზუსტებული ინფორმაცია სავარაუდოდ ხვალ გვექნება.

- ამირან პაპინაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე მუხლის ტრავმის გამო ვერ იჭიდავა. მენისკის ოპერაციაც გაიკეთა. რახან იაპონურ განაცხადშია, მაშასადამე უკვე ვარჯიშის გასაგრძელებლად მზადაა?

- პაპინაშვილი საქართველოს პირველობიდან ჭრიკიშვილთან და ლიპარტელიანთან ერთად გავანთავისუფლეთ. მაინც უნდოდა ჭიდაობა, მაგრამ ტრავმამ არ მისცა საშუალება. საწვრთნელ პროცესს უკვე დაუბრუნდა და მისი შეკრებაზე წაყვანის გადაწყვეტილებაც ცხადია ამიტომ მივიღეთ. თუმცა ალბათ ტურნირზე არ ვაჭიდავებთ. ამ ეტაპზე მისი შეჯიბრებაში ჩართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

- ჩამოთვლილი სხვა ძიუდოისტებიდან ყველა იჭიდავებს ტურნირზე?

- ყველა, ბექა შავდათუაშვილის გარდა. იგი მხოლოდ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.

0.112819